რუსთავი 2-ის საქმე

ბაქრაძე: ევროსასამართლოს ეჭვქვეშ არ ვაყენებთ, ხელისუფლება გასაჩივრებას დაელოდოს

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ პასუხისმგებლიანი ოპოზიცია სტრასბურგის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს - მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მის შინაარსს, რუსთავი 2-მა დავა სამართლებრივი გზით უნდა გააგრძელოს, ხელისუფლებამ კი აღსრულებამდე ტელევიზიას გასაჩივრების შესაძლებლობა მისცეს.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება არის საფრთხის შემცველი და ცუდი ქართული დემოკრატიისთვის. მაგრამ, როგორც პასუხისმგებლიანი და პროდასავლური ოპოზიცია, ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს. მთლიანად ვეთანხმები არხისა და მისი დირექტორის პოზიციას, რომ დავა უნდა გაგრძელდეს სამართლებრივად. დღევანდელი გადაწყვეტილება ტოვებს სამართლებრივი გაგრძელების პერსპექტივას და დიდ პალატაში გასაჩივრების პერსპექტივას,"-თქვა ბაქრაძემ.  

ბაქრაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, არ აღასრულოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და რუსთავი 2-ს მისცეს შესაძლებობა, გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივროს.  

"მინდა კატეგორიულად მოვუწოდო ხელისუფლებას, მიჰყვნენ მათივე დაწესებულ სტანდარტს ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, როდესაც ხელისუფლება აცხადებდა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით იქნება საბოლოო მხოლოდ დიდი პალატის გადაწყვეტილების შემდეგ. მე მოვუწოდებ მათ, რუსთავი 2-თან დაკავშირებით არ მოახდინონ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების აღსრულება და არ წაართვან რუსთავს გასაჩივრების შანსი. რუსთავისთვის გასაჩივრების შანსის წართმევა ხელისუფლების მხრიდან აღქმული იქნება, როგორც პოლიტიკურად და სამართლებრივად ცუდი ნაბიჯი,"-თქვა მან. 

ბაქრაძის თქმით, რუსთავი2-ს აქვს საკუთარი სამართლებრივი ბრძოლის გზა. ევროპული საქართველოს პოლიტიკური ბრძოლის გზა კი, მისივე თქმით, მშვიდობიანი არჩევნებით დღევანდელი ხელისუფლების დამარცხებაა.  

"ჩვენი პოლიტიკური მიზანია არჩევნების გზით, მშვიდობიანად და პოლიტიკურად დღევანდელი ხელისუფლების დამარცხება. რუსთავს აქვს თავისი ბრძოლის გზა და ეს არის სამართლებრივი ბრძოლის გზა, რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ და ჩვენ გვაქვს ჩვენი ბრძოლის გზა, ეს არის მშვიდობიანი, პოლიტიკური ბრძოლის გზა,"-თქვა ბაქრაძემ 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა 2017 წლის მარტში გამოტანილი დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის შესაძლო საფრთხეების გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სტრასბურგმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა.

კომენტარები