საქართველო-რუსეთი

რუსეთის დუმაში გიორგი გაბუნიას ექსტრადირების საკითხს განიხილავენ

ვიასეჩლავ ვოლოდინი და ვლადიმერ პუტინი
REUTERS

დუმას ქვედა პალატის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, დუმაში მსჯელობენ, რომ რუსთავი 2-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ექსტრადაცია რუსეთში უნდა მოხდეს, სადაც რუსული სასამართლო გამოუტანს განაჩენს.​ ამის შესახებ სააგენტო Interfax იუწყება.

"დუმის საბჭოს სხდომაზე გაისმა და ყველა იმ აზრამდე მივიდა, რომ აუცილებელი იყო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება საქართველოს იმ წარმომადგენლის წინააღმდეგ, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის მიმართ შეურაცხმყოფელად, უპატივცემულოდ მოიქცა, მისი ექსტრადაცია რუსეთის ტერიტორიაზე უნდა მოხდეს, რათა ჩვენმა სასამართლომ განსაზღვროს მისი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად და უკვე შემდეგ გადაწყვეტს, თუ სად მოიხდის ის სასჯელს - რუსეთის თუ საქართველოს ტერიტორიაზე." - ამბობს ვოლოდინი.

საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, "საქართველოს მოქალაქის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გადაწყვეტილება მოქალაქის გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში".

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ "პოსტ სკრიპტუმის" პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რუსულად აგინა. გიორგი გაბუნიას მონოლოგმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ტელეკომპანია რუსთავი2-ის წინ აქცია გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. მონაწილეთა ნაწილი ტელეწამყვანისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდა, ნაწილს კი სურდა, რომ გიორგი გაბუნიას საქართველო სერგეი გავრილოვის მსგავსად დაეტოვებინა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მომხდარის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა. გიორგი გაბუნიას გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ და ქართული ოცნების დეპუტატებმა.

კომენტარები