რუსული ოკუპაცია

შსს: ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები

ტაბულა

"ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი" - შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე პროპუტინური ძალების აქციას და 19:00-ზე დაგეგმილ ანტისაოკუპაციო პროტესტს ეხმაურება.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია. პარალელურად, 19:00 საათზე აქცია დაიგეგმა პუშკინის სკვერში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა აქციების მიმდინარეობის თითოეულ ადგილზე. აქციების მონაწილეთა მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტებზე სამინისტრო მოახდენს შესაბამის რეაგირებას. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. როგორც ერთი, ისე მეორე აქციის მონაწილეთა მხრიდან სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი" - აცხადებს შსს.

დილიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პროპუტინურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა - მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა, ქართულმა მარშმა და ლევან ვასაძის მომხრეებმა დაიკავეს. დავით ისაკაძე ტერიტორიის ბანერებისგან გასუფთავებას ითხოვს და აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივისტებს ანტისაოკუპაციო აქციებს აღარ ჩაატარებინებს. მისი თქმით, "გვიყვარს რუსთაველი, მინდა შვილებთან ერთად გავისეირნო და არ დავინახო ეს საშინელი ხალხი, რომლებიც იძახიან რევოლუცია და აბა, უნდა შევვარდეთ, შევიჭრათ და დავანგრიოთ. უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი. აქ გვინდა პარაკლისის გადახდა". ისაკაძემ ასევე გადაწყვიტა, გახარიას გადადგომის მოთხოვნით მოშიმშილეებს მეთვალყურეები დაუყენოს.

პროპუტინური ძალების მობილიზების მიუხედავად, პარლამენტთან აქცია იგეგმება დღესაც. "სირცხვილიას" ორგანიზატორები მოუწოდებენ თავისუფალ მოქალაქეებს, 19:00-დან შეუერთდნენ პროტესტის მე-19 დღეს. ისინი პუშკინის სკვერთან შეიკრიბებიან და პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ. მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს გიორგი გახარია. 

კომენტარები