აქცია პარლამენტთან

თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილს გახარიას გადადგომის მოთხოვნის მორალური უფლება არ აქვს

ტვ იმედი

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის ნაწილს არ აქვს მორალური უფლება, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვოს. 

1-ლ ივლისს ტვ იმედის ეთერში თალაკვაძემ თქვა, რომ წინა ხელისუფლების დროს მიტინგებს არბევდნენ, ქუჩებს კეტავდნენ, ხალხს ალყაში აქცევდნენ და პროტესტისთვის სჯიდნენ, ახლა კი ასე არ ხდება.  

„მორალური უფლება არ აქვს ოპოზიციის ამ ნაწილს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვოს მაშინ, როდესაც გუნდს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღებული აქვს და სამართლებრივი რეაგირება დაწყებული აქვს და მაშინ, როდესაც ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც წარსულში უმძიმესი მემკვიდრეობით არის დღემდე მოსული და იმ მემკვიდრეობაზე არანაირი შეფასებები მათ არ გაუკეთებიათ და არასოდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ მოუთხოვიათ და არ დაუყენებიათ თავისი თანაგუნდელების მიმართ, რომელთან რეალურად ჩაიდინეს უმძიმესი დანაშაულები. ის კი არა, ნახეთ, რით განსხვავდება მათი თანაგუნდელების ქმედება დღევანდელისგან, მათ დროს იყო შეტევა და დარბევა მიტინგების, ქუჩების გადაკეტვა, ხალხის მოქცევა ალყაში და მათი უსასტიკესად დარბევა და დასჯა და იყო, მათ შორის, სხვადასხვა მძიმე დაზიანებები, პოლიტიკური დევნა და მსხვერპლი და ომბუდსმენსაც კი შეეხნენ ხელით, გვახსოვს ყველას“,- თქვა თალაკვაძემ. 

უკვე მე-13 დღეა, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი აქციას მართავს. მომიტინგეთა 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან ორი შესრულებულია - მიღებულია 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების საჯარო დაპირება, ასევე, "გავრილოვის ღამეს" დაკავებული ყველა ადამიანი მე-7 დღეს გაათავისუფლეს.

დარჩენილი ერთი მოთხოვნა - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია კვლავ უცვლელია.

რუსთაველის გამზირზე პროტესტი 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ.

თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლების გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები