აქცია პარლამენტთან

20-21 ივნისის ღამეს, აქციის დარბევისას, სულ მცირე, 12 ჟურნალისტი დაშავდა

ლაშა ქავთარაძე

20-21 ივნისის ღამეს, აქციის დარბევისას, სულ მცირე, 12 ჟურნალისტი დაშავდა. 

რეზინის ტყვიები მოხვდათ On.ge-ს რედაქტორს, გელა ბოჩიკაშვილსა და ნეტგაზეთის რედაქტორს, დათო ქოქოშვილს

11 ტყვია მოხვდა civil.ge-ს ფოტოგრაფ გურამ მურადოვს

რეზინის ტყვია და ქვები მოხვდა OC Media-ს ჟურნალისტს, მარი ნიკურაძეს. 

რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, თამარ ბაღაშვილს რეზინის ტყვია ყელის და თავის არეში მოხვდა. 

ამავე ტყვიით დაშავდნენ on.ge-ს ჟურნალისტები, ანა ვახტანგაძე და გავნცა მენსაძეს, ასევე ინტერპრესნიუსის ჟურნალისტი თორნიკე კოშკაძე

დაშავდა რამდენიმე ოპერატორი, მათ შორის ერთ-ერთს ტყვია სახის არეში მოხვდა. 

წიწაკის გაზის სუნთქვა ყველა მათგანს მოუწია, ზოგიერთს - რამდენჯერმეც. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიის წარმომადგენლების დაშავების გამო შსს-სთან საპროტესტო აქციას გამართავს. 

20 ივნისს პარლამენტთან ანტირუსული აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც დემონსტრანტების ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით დაშლა მოჰყვა. 

მოქალაქეების პროტესტი თბილისში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტმა გამოიწვია. გავრილოვი თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში იმყოფებოდა. ის ამ ასამბლეის თავმჯდომარეა. გავრილოვს 19 ივნისს სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს, 20 ივნისს კი სამუშაოს სხდომები პარლამენტის შენობაში გაგრძელდა. გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა. 

მოქალაქეები ამის გასაპროტესტებლად ჯერ პარლამენტთან შეიკრიბნენ. მათი და ოპოზიციის პროტესტის შედეგად იქ ასამბლეის სხდომა ჩაიშალა და სასტუმრო რედისონში გაგრძელდა. დემონსტრანტებმა სწორედ აქ გადაინაცვლეს. ასამბლეის სხდომის დასრულების შემდეგ გავრილოვი კვერცხების და წყლის ბოთლების სროლით და გინებით გააცილეს, შემდეგ კი პარლამენტთან გადმოინაცვლეს, რათა მმართველი გუნდის პოლიტიკა გაეპროტესტებინათ. 

აქციაზე სიტყვით პოლიტიკოსებიც გამოვიდნენ. 

მოთხოვნები ასეთი იყო: ირაკლი კობახიძის, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურის გადადგომა. 

აქციაზე შეკრებილების ნაწილი სკანდირებდა, რომ პარლამენტის შენობაში შესულიყვნენ და კობახიძის გადადგომა იქ გაეგრძელებინათ. 

პოლიტიკოსებმა მმართველ გუნდს მათ მოთხოვნებზე რეაგირებისთვის 1-საათიანი ვადა მისცეს. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ მათ პასუხი არ გასცა, გიგი უგულავამ თქვა, რომ მმართველ გუნდს 12 საათამდე დალოდებოდნენ და შემდგომი ნაბიჯები მოეფიქრებინათ. 

თუმცა, ნიკა მელიამ მაშინვე მოუწოდა შეკრებილებს, შეჭრილიყვნენ პარლამენტში. ვითარება სწორედ ამის შემდეგ დაიძაბა. მოქალაქეების ნაწილს სპეცრაზმმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები, ფარები და ხელკეტები წაართვეს და ბოთლები ესროლეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად უნდა შესულიყვნენ, თუმცა, სწორედ ამ დროს გაუშვა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა, კვამლი და სუნი მეტრო თავისუფლების მოედნამდე იგრძნობოდა. სამართალდამცველებმა ისროლეს რეზინის ტყვიებიც. 

ესროდნენ არა მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც აქციის მონაწილეების მცირე ნაწილს წარმოადგენდნენ და პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, არამედ განურჩევლად ყველას, მათ შორის, გაქცეულებს, დამიზნებით და ახლო მანძილიდან. 

კომენტარები