დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტისთვის ბორის ჯონსონი და ჯერემი ჰანტი იბრძოლებენ

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტისთვის ბორის ჯონსონი და ჯერემი ჰანტი იბრძოლებენ.

ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის კენჭისყრაზე ლონდონის ყოფილმა მერმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა 160 ხმა მიიღო, ამჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა - 77, ხოლო გარემოს დაცვის მინისტრმა მაიკლ გოუვმა - 75, შესაბამისად, ის კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტისათვის ბრძოლას გამოეთიშა.

ბორის ჯონსონის დაპირებაა, რომ ბრიტანეთის ევროკავშირს 31 ოქტომბერს აუცილებლად დატოვებს. მისივე თქმით ამისათვის ერთადერთი გზა შეთანხმების გარეშე გასვლისათვის მომზადებაა.

"ჩვენ უნდა გავიდეთ 31 ოქტომბერს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ პოლიტიკისადმი ნდობა კატასტროფულად დაეცემა. თუ ჩვენ ახლა ვიტყვით, რომ გვაქვს საბოლოო ვადა, რომელიც საბოლოო ვადა არ აღმოჩნდება და 31 ოქტომბერი ისე ჩაივლის, როგორც მარტმა და აპრილმა ჩაიარა, მოსახლეობა მეტი უნდობლობით შემოგვხედავს." თქვა მან.

პირველი კენჭისყრის შედეგად პოსტისათვის ბრძოლას გამოეთიშნენ ანდრეა ლიდსომი და ესტერ მაკვეი, ისევე როგორც მარკ ჰარპერი, გუშინ კი ბრექსითის ყოფილი მინისტრი დომინიკ რაბი, ჯანდაცვის მინისტრი მეტ ჰენკოკი და საერთაშორისო განვითარების მინისტრი რორი სტიუარტი.

დომინიკ რაბმა მხარდაჭერა ბორის ჯონსონს გამოუცხადა. მისი თქმით ჯონსონი ერთადერთი კანდიდატია, ვისაც 31 ოქტომბერს ბრექსითის პროცესის დასრულება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ტერეზა მეიმ პოსტი მაისის ბოლოს დატოვა. ევროკავშირის დატოვების თაობაზე მისი გეგმა პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო. ლეიბორისტულ პარტიასთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მეიმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა იმის გამო, რომ პრემიერმინისტრ ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან მიღწეული ბრექსითის შეთანხმება ბრიტანეთის პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო, მეიმ ევროკავშირს გასვლის გადავადება სთხოვა. ამჟამად ბრიტანეთს ევროკავშირის დასატოვებლად დრო 31 ოქტომბრამდე აქვს.

კომენტარები