ხორავას ქუჩის საქმე

თალაკვაძე საგამოძიებო კომისიაზე: ჩვენ მივიღეთ დადგენილება, სადაც შედეგები თითქმის იგივე იყო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ხრავას ქუჩის საქმეზე "სახელმწიფომ ტესტი ჩააბარა". TV პირველის ეთერში თალაკვაძემ თქვა, რომ "შესაძლოა, ვინმე თვლის, რომ იყო დაგვიანება, მესმის, რომ კომისიამ დაადგინა კონკრეტული ხარვეზები, მაგრამ ჩვენ შევქმენით ეს კომისია, ჩვენ მივეცით უმრავლესობა ოპოზიციას". კითხვაზე, რატომ არ დაეთანხმა ქართული ოცნება საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებს, თალაკვაძე პასუხობს, რომ მათ "თითქმის" ერთნაირი დასკვნა ჰქონდათ.

"მივიღეთ კონკრეტული დადგენილება დასკვნების, სადაც შედეგები, რეალურად, არსებითად არის თითქმის იგივე. განსხვავება იყო ის, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ ვინმეს დაკავების საკითხი... ქვეყანაში სიმართლისთვის ბრძოლას, კანონებს აქვს აზრი და სახელმწიფომ ეს ტესტი ჩააბარა. ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ზეწოლა არ არის საჭირო და არც დემოკრატიული. უნდა მივანდოთ სასამართლოს" - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

არჩილ თალაკვაძის მტკიცებით, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური ინტერესი არ ყოფილა.

"ასე რომ არ ყოფილიყო, არ შევქმნიდით საგამოძიებო კომისიას, არ მივცემდით უმრავლესობას ოპოზიციას და მათ შორის, ეს დაკავება არ მოხდებოდა" - თქვა თალაკვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით, საქმის მთავარი მოწმე მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავა. 

ევროპული საქართველოს ინიციტიავით შექმნილი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც 2018 წლის 5 სექტემბერს გამოქვეყნდა, ძირითადი რეკომენდაცია სწორედ მიხეილ კალანდიას მიმართ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება იყო. ამასთან, კომისიამ გამოძიების მთავარ დარღვევად სწორედ მიხეილ კალანდიასთვის დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდების წაუყენებლობა დაასახელა. 

საგამოძიებო კომისია ასევე წერდა, რომ გამოძიების მთავარი დარღვევა, მათ შორის, იყო ის, რომ სამართალდამცავი პირები საქმის გამოძიების პროცესში მიკერძოებულები იყვნენ მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ. კომისია 5 სექტემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში ასევე წერდა, რომ მირზა სუბელიანის შვილის დეიდაშვილის, მ.კ.-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, არ გადამოწმდა დანაშაულში მისი მონაწილეობის ვერსია. 

ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცებულ დასკვნას საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. სანაცვლოდ, ოცნებამ მიიღო დადგენილება, რომელიც არ წარმოადგენდა საგამოძიებო კომისიის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტს. ქართული ოცნების მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, კომისიის მუშაობის შედეგად არ გამოკვეთილა ახალი პირდაპირი ან თუნდაც ირიბი მტკიცებულება - ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა.

"ვერ დადასტურდა სხვა პირის არსებობა, რომელიც საგამოძიებო სამსახურებსა და
პროკურატურას უნდა მიეცათ პასუხისგებაში დავით სარალიძის მკვლელობისათვის - მისთვის
სასიკვდილო ჭრილობის მიყენების ფაქტზე.... გამოიკვეთა, რომ ფარდულის დემონტაჟი განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ, დანის დაზიანება არ მომხდარა განზრახ" - წერია დოკუმენტში.

3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანი გ.ჯ დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, დაუდგენელ პირთან ერთად. ამ გადაწყვეტილებით გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირდა. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა აროშიძემ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშვედ, დავით სარალიძის საქმეზე კი გამოაცხადა, რომ გ.ჯ დამნაშავე იყო არა მკვლელობის, არამედ მკვლელობის მცდელობისთვის. გ.ჯ-ს სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გ.ბ-ს - სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ეკა აროშიძის 1 წლის წინანდელ გადაწყვეტილებას და თქვა, რომ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში კი უდანაშაულოა. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მას მაინც დაუმძიმა სასჯელი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში ბრალდების მხარეს ჰქონდა გასაჩივრებული. პროკურატურა ამბობდა, რომ ეკა აროშიძემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც თქვა, რომ გ.ბ არ არის დამნაშავე დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში. ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოსგან სწორედ გ.ბ-ს დამნაშავედ ცნობას ითხოვდა.

კომენტარები