ხორავას ქუჩის საქმე

კალანდია: თუ ჩემს შვილს ამდენ ხანს ხელს აფარებდნენ, თვითონაც დამნაშავეები არიან, ხომ?

IPN

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას მამის მტკიცებით, სასურველი ჩვენების მისაცემად მას და მის შვილებს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში თენგიზ კალანდია ამბობს, რომ შეუძლია პოლიციელების ამოცნობა და მათი სახელებიც იცის, თუმცა, "ამის დრო დღეს არ არის და აუცილებლად მოვა". მისი აზრით, როგორც კი სახელებს იტყვის, მას და ლუკა კალანდიასაც დააკავებენ. ასევე, დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ კიდევ ორ ადამიანს. 

"ჩემი შვილი იმ ღამესვე, ჩემი ხელით მივიყვანე პოლიციაში იგივე სამოსით, რაც ეცვა. სისხლიანი რომ ყოფილიყო ჩემი შვილი, დანა ჰქონოდა, ვინ აპატიებდა? უბრალოდ, ახლა მეტი გამოსავალი არ დარჩათ და ჩემი შვილი გაწირეს. მე არც ფული მაქვს და არც პატრონი მყავს, რომ წელიწადნახევარი ჩემთვის შეღავათი გაეწიათ და ჩემი შვილი გარეთ დაეტოვებინათ. არანაირი მასალა და ფაქტი არ არსებობს იმის, რომ ჩემმა შვილმა დანა გამოიყენა. დამნაშავეები, რომლებიც ციხეში სხედან და თავიანთი თავის გადასარჩენად, რაღაცას იტყვიან, ეს ჩვენება არაა.

ქალაქის პროკურორი გამოდიოდა და ამტკიცებდა, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო. ახლა გახდა დამნაშავე და ქვეყნის დამაქცეველი? ასე არ გავჩერდები. ჩემ შვილს არავის გავაწირინებ! ბრძოლას ვაპირებ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში და ამას ასე არ დავტოვებ! ბევრი შეეწირება როგორც მთავრობიდან, ისე, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ისე პროკურატურიდან! თუ ჩემი შვილი დამნაშავე იყო და ამდენი ხნის მანძილზე ხელს აფარებდნენ, ამდენი ხანი ინახავდნენ, თვითონაც დამნაშავეები არიან, ხომ? - პროკურატურიდან დაწყებული, შინაგან საქმეთა სამინისტროთი, პარლამენტით დამთავრებული, წელიწადნახევარი ამტკიცებდნენ, ქვას აგდებდნენ, თავს უშვერდნენ, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო. თავიანთი უნიათობით ფაქტები რომ ვერ შეკრიბეს, იოლი გამოსავალი მოძებნეს, რომ ჩემი შვილი გაწირონ და ჩემი ოჯახი ბოლომდე გაანადგურონ! ახლა არჩევნები მოდის და ხალხის მოსყიდვა უნდათ, რომ სამართალი აღსდგა. რომელ სამართალზეა საუბარი? უდანაშაულო ადამიანს იჭერენ ციხეში" - ამბობს კალანდია ინტერპრესნიუსთან საუბარში.

მისი თქმით, ყველა, ვინც საქმეში მონაწილეობდა, თავიდან უნდა დაიკითხოს.

"დაწყებული პარლამენტიდან, პროკურატურით დამთავრებული. ყველამ უნდა გასცეს პასუხი, რა ხდება და რატომ? თუ ჩემი შვილი დამნაშავე არ იყო, რატომ აღმოჩნდა უცებ დამნაშავე? სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ერთ დღეში რომ აღმოჩნდა დამნაშავე? იმ დღესვე უნდოდათ დაჭერა, იმ დღეს ჩემ სახლთან ნახევარი სამინისტრო ტრიალებდა. მეორე დღეს კი, სპეცოპერაცია მომიწყვეს, სასამართლოში მივდიოდი, ჩემი და ჩემი უფროსი ვაჟის პროცესი იყო, რომელზეც მიხეილ კალანდია იკითხებოდა, შუა გზაში გადაგვაყენეს, სპეცოპერაცია მოაწყვეს, თითქოს ქალაქიდან გავრბოდით! ქალაქიდან გასაქცევად რომ მქონოდა საქმე, წელიწადნახევარი მქონდა დრო იმისთვის, რომ ჩემი ოჯახი გაქცეულიყო და ამას როგორმე მოვახერხებდი, მაგრამ მე გასაქცევად არ მაქვს საქმე, იმიტომ რომ მართლები ვართ" - ამბობს თენგიზ კალანდია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით, საქმის მთავარი მოწმე მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავა. შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მოიპოვეს დამატებითი მტკიცებულებები, "როგორ ახდენდა მიხეილ კალანდია რკინის საგნის დემონსტრირებას და როგორ საუბრობდა იმის შესახებ, თუ როგორ ურტყამდა ამ საგანს გარდაცვლილ სარალიძეს". აღსანიშნავია, რომ ჩვენებები, რომლებიც მიხეილ კალანდიას მხრიდან გარკვეული საგნის, ე.წ. ტარის ქონას და ჩხუბის დროს მის გამოყენებას ადასტურებს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ მოიპოვა. მეტიც, ჩანაწერი გამოძიებისთვის საწყის ეტაპზევე იყო ხელმისაწვდომი, თუმცა საგამოძიებო კომისიის შექმნამდე გამოძიებას და პროკურატურას ეს დეტალი არ დაუფიქსირებია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მტკიცებულების მოპოვებისთანავე კომისიამ შსს საქმის კურსში ჩააყენა და დროული რეაგირებისაკენ მოუწოდა. მტკიცებულებების მიხედვით, ე.წ. ტარი მიხეილ კალანდიამ დავით სარალიძესთან ფარდულში ჩხუბისას გამოიყენა, ჩხუბის შემდეგ კი 51-ე სკოლის წინ მეგობრებს აჩვენა და უთხრა, რომ ამ საგანს სარალიძეს ურტყამდა. კომისიამ მოწმეებისაგან მოიპოვა ამ საგნის ესკიზი. ამასთანავე, საქმის მასალებში აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აჩვენებს მ.კ. მის მეგობრებს აღნიშნულ საგანს.

ევროპული საქართველოს ინიციტიავით შექმნილი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც 2018 წლის 5 სექტემბერს გამოქვეყნდა, ძირითადი რეკომენდაცია სწორედ მიხეილ კალანდიას მიმართ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება იყო. ამასთან, კომისიამ გამოძიების მთავარ დარღვევად სწორედ მიხეილ კალანდიასთვის დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდების წაუყენებლობა დაასახელა. 

საგამოძიებო კომისია ასევე წერდა, რომ გამოძიების მთავარი დარღვევა, მათ შორის, იყო ის, რომ სამართალდამცავი პირები საქმის გამოძიების პროცესში მიკერძოებულები იყვნენ მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ. კომისია 5 სექტემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში ასევე წერდა, რომ მირზა სუბელიანის შვილის დეიდაშვილის, მ.კ.-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, არ გადამოწმდა დანაშაულში მისი მონაწილეობის ვერსია. 

3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანი გ.ჯ დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, დაუდგენელ პირთან ერთად. ამ გადაწყვეტილებით გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირდა. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა აროშიძემ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშვედ, დავით სარალიძის საქმეზე კი გამოაცხადა, რომ გ.ჯ დამნაშავე იყო არა მკვლელობის, არამედ მკვლელობის მცდელობისთვის. გ.ჯ-ს სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გ.ბ-ს - სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ეკა აროშიძის 1 წლის წინანდელ გადაწყვეტილებას და თქვა, რომ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში კი უდანაშაულოა. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მას მაინც დაუმძიმა სასჯელი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში ბრალდების მხარეს ჰქონდა გასაჩივრებული. პროკურატურა ამბობდა, რომ ეკა აროშიძემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც თქვა, რომ გ.ბ არ არის დამნაშავე დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში. ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოსგან სწორედ გ.ბ-ს დამნაშავედ ცნობას ითხოვდა.

კომენტარები