კალანდიას დაკავება

ლომჯარია კალანდიაზე: დღის წესრიგში ვაყენებთ, დაიწყოს გამოძიება სამოხელეო დანაშაულის ნიშნით

სახალხო დამცველის აპარატი

"ჩვენ კვლავ დღის წესრიგში ვაყენებთ იმას, რომ დაიწყოს გამოძიება სამოხელეო დანაშაულის ნიშნით," - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიხეილ კალანდიას დაკავების ფაქტს რუსთავი ორის ეთერში ეხმაურება. ომბუდსმენი ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება თავის დროზე მნიშვნელოვანი ხარვეზებით წარიმართა. 

"ნაბიჯები, რაც გადაიდგა ბოლო დღეების განმავლობაში, არის ნამდვილად იმის აღიარება და დადასტურება, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობდით, რომ გამოძიება თავის დროზე წარიმართა მნიშვნელოვანი ხარვეზებით და ბრალი არ ჰქონია წარდგენილი ყველა პირს, ვინც შესაძლოა მონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში. სამწუხაროდ, მთელი რიგი ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი მტკიცებულებები არ იქნა მოპოვებული გამოძიების მიერ და ამის გამო, ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდა. სანამ სააპელაციო სასამართლომაც არ დაადასტურა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა არასწორი სტრატეგიით და გამორიცხა იმ პირის ბრალი, ვისაც პროკურატურა ედავებოდა ერთი წლის განმავლობაში, გამოძიებამ ბრალი არ წარუდგინა სხვა პირს.  მე მაინც ვუკავშირებ ამ ყველაფერს გუშინ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და შესაბამისად, გამოძიებას არ ჰქონდა სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დაიწყოს უკვე სხვა პირთა მიმართ დევნა. თავის დროზე, გამოძიება ჩატარდა მნიშვნელოვანი ხარვეზებით და ამის გამო, ჩვენ კვლავ დღის წესრიგში ვაყენებთ იმას, რომ დაიწყოს გამოძიება სამოხელეო დანაშაულის ნიშნით, სამსახურეობრივი მოკვლევა მიმაჩნია, რომ არ არის ნამდვილად საკმარისი, რადგან დანაშაულის ნიშნებს ვხედავთ. სულ მცირე სამსახურეობრივ გულგრილობას, თუ არა განზრახ ქმედებას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს," - ამბობს ლომჯარია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით, მიხეილ კალანდია დღეს, 4 ივნისს დააკავა. 

ევროპული საქართველოს ინიციტიავით შექმნილი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც 2018 წლის 5 სექტემბერს გამოქვეყნდა, ძირითადი რეკომენდაცია სწორედ მიხეილ კალანდიას მიმართ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება იყო. ამასთან, კომისიამ გამოძიების მთავარ დარღვევად სწორედ მიხეილ კალანდიასთვის დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდების წაუყენებლობა დაასახელა. 

საგამოძიებო კომისია ასევე წერდა, რომ გამოძიების მთავარი დარღვევა, მათ შორის, იყო ის, რომ სამართალდამცავი პირები საქმის გამოძიების პროცესში მიკერძოებულები იყვნენ მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ. კომისია 5 სექტემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში ასევე წერდა, რომ მირზა სუბელიანის შვილის დეიდაშვილის, მ.კ.-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, არ გადამოწმდა დანაშაულში მისი მონაწილეობის ვერსია. 

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარის მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე იყო.

3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანი გ.ჯ დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, დაუდგენელ პირთან ერთად.

გუშინდელი  გადაწყვეტილებით გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირდა. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა აროშიძემ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშვედ, დავით სარალიძის საქმეზე კი გამოაცხადა, რომ გ.ჯ დამნაშავე იყო არა მკვლელობის, არამედ მკვლელობის მცდელობისთვის.

გ.ჯ-ს სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გ.ბ-ს - სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ეკა აროშიძის 1 წლის წინანდელ გადაწყვეტილებას და თქვა, რომ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში კი უდანაშაულოა.

მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მას მაინც დაუმძიმა სასჯელი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში ბრალდების მხარეს ჰქონდა გასაჩივრებული.

პროკურატურა ამბობდა, რომ ეკა აროშიძემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც თქვა, რომ გ.ბ არ არის დამნაშავე დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში. ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოსგან სწორედ გ.ბ-ს დამნაშავედ ცნობას ითხოვდა.

კომენტარები