კირკიტაძის გათავისუფლება

კირკიტაძე: გულწრფელად ძალიან ვწუხდი, რომ ეს დაპირისპირება მოხდა ჩემსა და პოლიციელს შორის

ტაბულა

"გულწრფელად ადამიანურად ძალიან ვწუხდი, რომ ეს დაპირისპირება მოხდა ჩემსა და პოლიციელს შორის," - ამის შესახებ ენმ-ის წევრმა დავით კირკიტაძემ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ისაუბრა. კირკიტაძის თქმით, დაპირისპირების დროს მისი ერთადერთი მოტივაცია, ხალხისთვის გზის გათავისუფლება იყო. 

"უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ, გნებავთ ავტობუსი დაგიყენონ წინ, გნებავთ ეროვნული ბანკი და გნებავთ ეკონომიკის სამინისტრო, უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ. რაც შეეხებოდა იმ ინციდენტს, მთელმა საქართველომ იხილა რაც მოხდა და ჩემი მოქმედება იყო მიმართული ერთადერთი მიზნისკენ, რომ გამეთავისუფლებინა გზა მომიტინგეებისათვის და მიმეცა საშუალება, რომ თელავში ჩასულიყვნენ, რომლებიც მიდიოდნენ ყველაზე უსამართლო არჩევნების გასაპროტესტებლად. მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ უკანონოდ აღგვიკვეთა ჩვენი გადაადგილების უფლება, მიუხედავად ამისა, მე გულწრფელად ადამიანურად ძალიან ვწუხდი, რომ ეს დაპირისპირება მოხდა ჩემსა და პოლიციელს შორის, იმიტომ რომ ჩვენ პოლიციელის პრესტიჟზე ძალიან ვზრუნავთ, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც პოლიციას აყენებენ იმ მდგომარეობაში, რომ საზოგადოებასთან შევიდნენ დაპირისპირებაში. ჩემი პატივისცემა მინდა დავუდასტურო კიდევ ერთხელ რიგით პოლიციელებს," - თქვა კირკიტაძემ.

ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე პატიმრობიდან დღეს საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას ორწლიანი პირობითი მიუსაჯეს. 

კირკიტაძე 17 დეკემბერს კახეთში დააკავეს. მას ბრალი 353 პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე ეხება 16 დეკემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებას სამართალდამცავებას და გაერთიანებას "ძალა ერთობაშია" შორის, როდესაც ოპოზიციის წევრებს თელავში მისასვლელი გზა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გადაუხერგეს.

კომენტარები