აშშ

ტრამპი არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად მექსიკას ტარიფებს უწესებს

დონალდ ტრამპი
Time

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად მექსიკიდან მომავალ ყველა პროდუქტს ტარიფებს დაუწესებენ.

"10 ივნისიდან აშშ ქვეყანაში მექსიკიდან შემომავალ ყველა საქონელს 5%-იან ტარიფს დაუწესებს, მანამდე, სანამ მექსიკიდან არალეგალი მიგრანტების ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა არ შეწყდება. ტარიფები ნელ-ნელა გაიზრდება, სანამ არალეგალური მიგრაციის პრობლემა გადაწყდება." დაწერა მან საკუთარ ტვიტერზე.

ტრამპის თქმით პირველ ოქტომბრამდე ტარიფები 25%-მდე გაიზრდება. თეთრ სახლში ამბობენ, რომ ტარიფების დასაწესებლად პრეზიდენტი საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური ძალის აქტს გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა აშშ-მექსიკის საზღვარზე არსებული მდგომარეობის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რათა კონგრესის გვერდის ავლით სასაზღვრო კედელის მშენებლობა დააფინანსოს. ტრამპს ასევე მიაჩნია, რომ მექსიკა არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად საკამარისს არ აკეთებს.

ტრამპმა სავაჭრო ომი წამოიწყო ჩინეთთანაც. 10 მაისს აშშ-მა ჩინეთს 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფები გაუორმაგა. ტარიფები 10%-დან 25%-მდე გაიზარდა სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის თევზზე, ხელჩანთებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე და სხვა.

ჩინეთი აშშ-ის დაწესებული ტარიფების საპასუხოდ 60 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 1 ივნისიდან ტარიფებს გაზრდის.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შესაძლოა 25%-იანი ტარიფი კიდევ 325 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელზეც დააწესონ.

კომენტარები