პოლიციის ძალადობა

ცემა, გაუპატიურების მუქარა - 16 წლის ბიჭის წამების საქმეზე ყოფილი პოლიციელი დააკავეს

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ ბოლნისის პოლიციის განყოფილების ყოფილი დეტექტივ-გამომძიებელი კონსტანტინე ქოჩიშვილი დააკავა. მას ბრალად ედება სსკ-ის 144-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ა, ბ, ე და ზ ქვეპუნქტებით ჩადენილი დანაშაული (წამება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).

"კ. ქ.-მ ბოლნისის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა მიაყენა არასრულწლოვან თ.ა.-ს. კერძოდ, მას დაუწყო ფურთხება, სახეში ხელების რტყმა, ასევე ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რის შედეგადაც, არასრულწლოვანი თ.ა. გადაყირავდა სკამიდან, დაეცა და მოიტეხა ხელი“ - განაცხადა პროკურორმა ლევან ლაზარაშვილმა.

დღეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში იმ პირთა ამოცნობის პროცესი მიმდინარეობდა, რომელთაც 16 წლის მოზარდი ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. დღეს დაზარალებულმა ერთი პოლიციელი ამოიცნო, გასულ კვირას - სამი. 

ადვოკატის თქმით, არასრულწლოვანის დაკავების დროს მის მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და სექსუალური ძალადობის მუქარაში მინიმუმ 7 სამართალდამცველი მონაწილეობდა. 

16 წლის მოზარდი ბოლნისში ორი თვის წინ ქურდობის ბრალდებით დააკავეს. არასრულწლოვანის თქმით, მას დანაშაულის აღიარებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ინციდენტიდან მალევე პოლიციელები სამსახურიდან გაათავისუფლეს, საქმის გამოძიება კი 2019 წლის 8 მარტს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო, შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჯგუფურად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არასრულწლოვან თ. ა.-ს მიმართ განხორციელებული წამების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144/1-ე, წამების მუხლის მეორე ნაწილის ა, ბ, ე და ზ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

პროკურატურა აცხადებს: 

"გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2019 წლის 8 მარტს, ერთ-ერთ ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტი, რომელიც შეეხებოდა ბოლნისის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული წამების ფაქტს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 13 თებერვალს, ბოლნისის შს რაიონული სამმართველოს ამ ეტაპზე დაუდგენელმა თანამშრომლებმა, ბოლნისის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, ფიზიკური ძალადობა განახორციელეს არასრულწლოვან თ.ა.-ს მიმართ, რომელსაც სთხოვდნენ ქ. ბოლნისში მდებარე ერთ ერთი მაღაზიიდან 7000 ლარის ღირებულების ძვირფასეულობის ქურდობის აღიარებას, მოპარული ნივთების ნაწილის ადგილსამყოფელის და თანამზრახველის დასახელებას. ფიზიკური ძალადობის შედეგად, არასრულწლოვანს მოტყდა ხელი.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ არასრულწლოვანის მშობლებმა ფაქტის შესახებ განაცხადეს დანაშაულიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ (დანაშაული მოხდა 2019 წლის 13 თებერვალს, ხოლო განაცხადეს - 2019 წლის 8 მარტს).

ამ გარემოებამ შეუძლებელი გახადა სხვადასხვა მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა, მათ შორის ვერ მოხერხდა არასრულწლოვანის ტანსაცმელის ამოღება, რომელზეც დაინიშნებოდა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის დნმ, ტრასოლოგიური და ა.შ.

2019 წლის 10 აპრილს, პროკურორის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, არასრულწლოვანი თ. ა. ცნობილი იქნა დაზარალებულად, მის მიმართ განხორციელებული წამების ფაქტის გამო.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, უკვე გამოიკითხა საქმეზე შემხებლობაში მყოფი არაერთი პირი, მიმდინარეობს ბოლნისის ცენტრალური კლინიკიდან მიღებული თ.ა.-ს სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა. ამასთან, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო ღონისძიება და გამოიკითხება ყველა პირი ვისი შემხებლობაც გამოიკვეთება გამოძიების პროცესში". 

კომენტარები