ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში ათასობით მომიტინგემ ჩინეთში 30 წლის წინანდელი თიანმენის დარბევა გააპროტესტა

1989 წლის თინამენის მოედანი, უცნობი მომიტინგე.
Twitter

26 მაისს ჰონგ-კონგში ათასობით მომიტინგე შეიკრიბა, რათა ჩინეთში 30 წლის წინანდელი დარბევა გაეპროტესტებინათ. ისინი მოითხოვდნენ, რომ ჩინეთის მთავრობამ 1989 წელს პეკინში თიანმენის დარბევაზე პასუხისმგებლობა აიღოს.

მომიტინგეები ჩინეთის მხარის მოკავშირე ოფისთან შეიკრიბნენ ლოზუნგით - "ხალხი არ დაივიწყებს".

ვუ ჩი ვაიმ, ჰონგ-კონგის მთავრი ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერმა თქვა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია მეხსიერების წაშლას ცდილობს, თუმცა ჰონგ-კონგელ ხალხს თიანმენის ტრაგედია ახსოვს და ელოდებიან დღეს, როდესაც კონტინენტურ ჩინეთში დიქტატურა დასრულდება.

მომიტინგეთა შორის რამდენიმე კონტინენტური ჩინეთიდანაც აღმოჩნდა. შენ ჩენი ერთერთი მათგანი იყო, რომელმაც თქვა, რომ თიანმენის დარბევის შესახებ დოკუმენტური ფილმი ნახა და შემდეგ ეს მეგობრებს ფარულად VPN-ის საშუალებით გაუზიარა - "მე გაბრაზებული და ნაწყენი ვიყავი, ვფიქრობ ჩინელ ხალხს სიმართლის გაგების უფლება აქვს".

ჩინეთის ინტერნეტ კომპანიების ინფორმაციით, ტრაგედიიდან 30-ე წლისთავზე ცენზურამ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით უპრეცენდენტო მასშტაბებს მიაღწია.

ჰონგ-კონგში მომიტინგეთა ნაწილი ყვითელ ქოლგებსაც ატარებდა, რაც 2014 წლის პროდემოკრატიულ "ქოლგის რევოლუციას" ეხმიანებოდა.

მათ ასევე გააპროტესტეს ახალი საკამათო კანონმდებლობა, რისი მეშვეობითაც ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში ადამიანების ექსტრადიციას გააიოლებს და ჰონგ-კონგზე ჩინეთის კონტროლს გაზრდის.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში თიანმენის დარბევა ტაბუდადებული თემაა. 2019 წლის 4 ივნისს თიანმენის ტრაგედიიდან 30 წელი გადის. 1989 წელს პეკინში თიანმენის მოედანზე სტუდენტებმა პროდემოკრატიული მოძრაობა დაიწყეს, რაც მთელი ქვეყნის მნიშვნელოვან ქალაქებში გავრცელდა, რამდენიმე კვირის შემდეგ მთავრობამ მშვიდობიანი მოქალაქეები ძალის გამოყენებით დაშალა, რასაც ოფიციალური მონაცემებით ასეულობით, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით რამდენიმე ათასი ჩინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

4 ივნისს ჩინეთში ჰონგ-კონგსა და მაკაუში ყოველწლიურად თიანმენის დარბევის შედეგად დაღუპულებს პატივს მიაგებენ, 1989 წლის ტრაგედიას ყოველწლიურად ტაივანშიც იხსენებენ.

 

კომენტარები