ინდონეზია

ინდონეზიაში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებისას დაიღუპა 6, დაშავდა 200 ადამიანი

AFP

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში არჩევნების შედეგების გამოცხადებას პროტესტი მოჰყვა. გუბერნატორის მიერ გავრცელებული ინფორმაციით მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, დაშავდა 200-ზე მეტი. მისივე თქმით მომიტინგეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს და მანქანები დაწვეს.

პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. პოლიციის სპიკერის თქმით მომიტინგეები დამარცხებული კანდიდატის მომხრეები იყვნენ და მათ 20 "პროვოკატორი" დააკავეს.

ინდონეზიაში საპრეზიდენტო არჩევნები აპრილში ჩატარდა. ოფიციალური შედეგები კი გუშინ გამოცხადდა. შედეგების მიხედვით ჯოკო ვიდოდომ ხმათა 55.5% მიიღო და პრეზიდენტის პოსტს მეორე ვადით დაიკავებს. მისი მთავარი მოწინააღმდეგე სპეციალური დანაყოფების ყოფილი უფროსი პრაბოვო სუბიანტო შედეგებს არ აღიარებს და ამბობს, რომ არჩევნები დარღვევებით წარიმართა. ოპოზიცია შედეგების სასამართლოში გაპროტესტებას აპირებს. მათ სასამართლოს 2014 წელს პრაბოვოს დამარცხების შემდეგაც მიმართეს.

უკანასკნელი კვირის მანძილზე კი პრაბოვოს მხარდამჭერები მოსახლეობას დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდებენ, რის გამოც ორ მათგანს ამბოხების ბრალდება წაუყენეს. დაანონსებული აქციების გამო დედაქალაქში 30,000 სამხედროა მობილიზებული. დახურულია ზოგიერთი სამთავრობო უწყება და სკოლები.

ტერორისტული აქტის დაგეგმვის გამო დააკავეს რამდენიმე ადამიანი. პოლიციის თქმით ისინი აქციებზე აფეთქებების მოწყობას გეგმავდნენ.

კომენტარები