ინდონეზია

ინდონეზიის საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, პრაბოვო სუბიანტო იმარჯვებს

ინდონეზიის პრეზიდენტობის კანდიდატი პრაბოვო სუბიანტო
NurPhoto/NurPhoto via Getty Images

ინდონეზიის თავდაცვის მინისტრმა პრაბოვო სუბიანტომ არაოფიციალურ წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა. დანარჩენი ორი საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, გამარჯვებულის გამოვლინება ჯერ კიდევ ადრეა.

ოთხი არაოფიციალური მოკვლევის მიხედვით, პრაბოვოს ხმების 58% ჰქონდა, ხოლო მის მეტოქეებს, ანის ბასვედანსა და განჯარ პრანოვოს, შესაბამისად, 25% და 17%. ამ დროისთვის ხმების დაახლოებით 78-93%-ია დათვლილი.

ამასთანავე, საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პრაბოვოს ამომრჩეველთა 57.7% უჭერს მხარს, თუმცა, ხმების დათვლის ოფიციალური პროცესი ბევრად უფრო ნელა მიმდინარეობს, რადგან ჯერჯერობით მხოლოდ 6%-ია დათვლილი.

გამარჯვების გამოცხადების შემდეგ პრაბოვომ მხარდაჭერებს მიმართა და პირობა დადო, რომ მთავრობის შემადგენლობაში "საუკეთესო ინდონეზიელები" იქნებიან.

"ჩვენ მადლობელი ვართ სწრაფად დათვლილი შედეგების", თქვა მან გამოსვლისას: "ჩვენ არ უნდა ვიყოთ ქედმაღლები, არ უნდა ვიყოთ ამაყები, არ უნდა ვიყოთ ეიფორიულები, მაინც უნდა ვიყოთ თავმდაბლები. ეს გამარჯვება უნდა იყოს ინდონეზიელი ხალხის გამარჯვება".

პრაბოვო სუბიანტო ინდონეზიის ვეტერანი პოლიტიკოსია. იგი ინდონეზიის ექსპრეზიდენტის სუჰარტოს სიძეა, რომლის დიქტატორული მმართველობის პერიოდშიც სუბიანტო ინდონეზიის სპეციალური რაზმის "კოპასუსის" მეთაური იყო. აღნიშნული თანამდებობიდან სუბიანტო უფლებებისა და პრივილეგიების ჩამორთმევით 1998 წელს დაითხოვეს, მას შემდეგ, რაც კოპასუსის ძალებმა სუჰარტოს პოლიტიკური ოპონენტები გაიტაცეს და აწამეს. გატაცებული 22 აქტივისტიდან 13 დღემდე დაკარგულად ითვლება.

წინასაარჩევნო კამპანიაში სუბიანტო თავს უაღრესად პოპულარული პრეზიდენტის ჯოკო ვიდოდოს მემკვიდრედ წარადგენდა. მანამდე, წინა ორ არჩევნებში სუბიანტო ვიდოდოს წინააღმდეგ არჩევნებში დამარცხდა.

წელს ვიდოდომ პრეზიდენტობის ვადა ამოწურა, თუმცა, ამომრჩევლებს იმედი აქვთ, რომ მის გზას მისივე უფროსი შვილი გააგრძელებს, რომელიც სუბიანტომ ვიცეპრეზიდენტად აირჩია.

ახალი პრეზიდენტი სათავეში ჩაუდგება ქვეყანას, რომლის ეკონომიკასაც წინა წლებში წლიური 5%-იანი ზრდა ჰქონდა, 2020-ის გამოკლებით, და ამბიციურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოუწევს პასუხისმგებლობის აღება. მათ შორისაა ქვეყნის დედაქალაქის ჯაკარტიდან ბორნეოს კუნძულზე გადატანა, რომლის ღირებულებაც $30 მილიარდს აღემატება.

ვიდოდოს ეკონომიკური გეგმით, სახელად "ოქროს ინდონეზია 2045", ინდონეზია ეკონომიკური განვითარებით მსოფლიოს მოწინავე ხუთ ქვეყანას შორის უნდა იყოს, რაც მშპ-ს $9 ტრილიონამდე გაზრდას ისახავს მიზნად.

კომენტარები