ხულო

რიჟვაძე სააკაშვილზე: მან ერთხელ ხულოში კაიმაღი და სირცხვილი ერთად ჭამა

თორნიკე რიჟვაძე
Facebook/ თორნიკე რიჟვაძე • Tornike Rijvadze

"ეს არის სამარცხვინო, ეს არის მართლა ფარჩაკი" - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება. სააკაშვილმა მიუნხენში, ემიგრანტებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ხულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ენმ-ის ყოფილმა წევრმა ანზორ ბოლქვაძემ ხულოში სამხატვრო გალერეა ცოლის დასასაქმებლად შექმნა. სააკაშვილის შეფასებით, "ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ საქართველოში, ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის? არა, ძაან კარგი ხალხი ცხოვრობს ხულოში, ინტელექტუალი, ბევრი პროფესორია, განათლებული ადამიანი, მაგრამ სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია ერთმანეთთან". ამ განცხადებას აჭარის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამარცხვინოს უწოდებს. 

"ვერ ვმალავ განაწყენებას, რამდენიმე საათის წინ სამარცხვინო პოლიტიკური ძალის სამარცხვინო ლიდერი სააკაშვილი გამოვიდა და განაცხადა, რა კავშირშია ერთმანეთთან ხულო და სამხატვრო გალერეაო. თქვენ ხედავთ, რამდენი ნახატია გამოფენილი. ჩვენთან არის ახლა ძალიან სახელოვანი ფერმწერის ბატონი სიმონ ართმელაძის შვილი და ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს.

ეს არის სამარცხვინო, ეს არის მართლა ფარჩაკი, ჯერ იყო და ამ პარტიის წარმომადგენელმა ქიქავამ აჭარლებს მოგვაყენა ყველას შეურაცხყოფა, ახლა გამოვიდა ეს მართლა შარლატანების ბელადი და აცხადებს, რომ ხულოში კულტურას და ზოგადად სამხატვრო გალერეას არაფერი ესაქმება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მალე გავცემთ ადეკვატურ პასუხს მათ 19 რიცხვში და ზოგადად. მან ერთხელ აქ კაიმაღი და სირცხვილი ერთად ჭამა და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მას კაცურ პასუხს გავცემთ ისე, როგორც ხულოს და ხულოელებს ეკადრებათ" - თქვა რიჟვაძემ.

კომენტარები