რუსეთი

სტალინის ბიუსტის გახსნის შემდეგ, ნოვოსიბირსკში "სტალინის სახლიც" გამოჩნდა

ndn.info

11 მაისს რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირკში ერთ-ერთი უძრავი ქონების ონლაინ გვერდმა რეკლამა გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ ახალი საცხოვრებელი სახლის სახელწოდება სტალინის სახლი იქნებოდა.

რეკლამიდან ვიგებთ, რომ სტალინის სახლი არის რვა სართულიანი შენობა, მიწისქვეშა პარკინგით, სადაც კომერციული და საოფისე ფართი პირველ სართულზეა განთავსებული, ხოლო ზედა სართულზე საცხოვრებელი ბინები.

მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნების ინფორმაციით, სტალინის სახლის სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის შემოდგომამდე დასრულდება.

მშენებლობის ნებართვას ნოვოსიბირსკის მერიის არქიტექტურული და სამშენებლო ინსპექციის განყოფილების უფროსმა ანატოლი მოტიგამ მოაწერა ხელი.

სტალინის სახლის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანის აღშფოთება გამოიწვია - "რას იტყვით გულაგის ქალაქზე?"; "რა იქნება შემდეგი - სტალინის პლაზა?"; "შიგნით დაცვა იქნება?"


ფოტო: ndn.info

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს ნოვოსიბირსკში იოსებ სტალინის ბიუსტი გახსნეს. ბიუსტის დადგმის ცერემონიას 200-მდე ადამიანი ესწრებოდა, რომლებსაც ხელში სტალინის პორტრეტები და წითელი დროშები ეკავათ.

სტალინის სახლის რეკლამა სტალინის ბიუსტის გახსნიდან ორ დღეში გამოჩნდა.

ნოვოსიბირსკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, სადაც 30-იანი წლების სტალინის რეპრესიების დროს "საბჭოთა ხალხის მტრობის" ბრალდებით საბჭოთა კავშირის ათი ათასობით მოქალაქე გადაასახლეს.

 

კომენტარები