საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა საერთო სასამართლოების შესახებ კანონს, რომელიც პარლამენტმა 1 მაისს, მესამე მოსმებით მიიღო. ცნობისთვის, დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი პრეზიდენტს მიმართავდა, მმართველი გუნდის მომზადებული კანონპროექტისთვის ვეტო დაედო.
"პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად დოკუმენტში მეორე მოსმენით გათვალისწინებულ იქნა ის პრინციპული რეკომენდაციები, რომელიც ასახული იყო ვენეციის კომისიის დასკვნაში. განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფრო ღია, გამჭვირვალე შერჩევას და პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ იგი დადებითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლებაზე" - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ კობახიძის კანონპროექტი მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცა. მას მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 - წინააღმდეგ წავიდა.
კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს.
კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და მას "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებს.
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა, ვენეციის კომისიამ დასკვნა მოამზადა და მისი ბევრი ასპექტი მწვავედ გააკრიტიკა. ამის შემდეგ მმართველმა გუნდმა კანონპროექტში რამდენიმე ცვლილების შეტანის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, იურისტების თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მცირე ნაწილის გათვალისწინება არ ცვლის ზოგად, არასახარბიელო სურათს.
რა წერია "კობახიძის კანონპროექტში", ვრცლად წაიკითხეთ აქ.





