დაზიანება მეტროში

კალაძე: მეტროს ძალოვანი კაბელი მთლიანად, 450 კმ სიგრძეზე შეიცვლება

თბილისის მერია

კახა კალაძის თქმით, მეტროში ძალოვანი კაბელები მთლიანად შეიცვლება, 450 კილომეტრის სიგრძეზე. 

ის 24 აპრილს საღამოს მეტროს ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთზე დაზიანებული ძალოვანი კაბელის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო მას შემდეგ, რაც აქ ერთი საათით მეტროს მუშაობა შეფერხდა - პირველი ხაზი სრულად იყო გაჩერებული, ვინაიდან მეტრო გოცირიძის გადასარბენ ღია უბანზე სადენი დაზიანდა. 

"დაახლოებით, ერთი საათით მეტროს მუშაობა შეფერხდა. უსაფრთხოების მიზნით, ძირითად ხაზზე მგზავრთა გადაყვანა აღარ ხდებოდა. პრობლემა იყო ის, რომ ძალოვანი კაბელი დაზიანდა. ახლა მიმდინარეობს დაზიანებული კაბელის აღდგენა და პრობლემა სრულად მოგვარდება. მეტრო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. თბილისში მეტრომ ფუნქციონირება 1966 წელს დაიწყო და შემდეგ ეტაპობრივად, წლების განმავლობაში, სხვადასხვა სადგურები ემატებოდა. მას შემდეგ, ეს ძალოვანი კაბელი არ შეცვლილა და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ვისაუბრე იმაზე, რომ 450 კმ ძალოვანი კაბელის მთლიანად გამოცვლა გვაქვს დაგეგმილი. ამაში აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება. ტენდერი უკვე ჩატარებულია, გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებს განახორციელებს“

აზიის განვითარების ბანკმა მეტროში ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტისთვის 15 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ამის შესახებ მერიამ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინაც გაავრცელა. 

კალაძემ მაშინ თქვა, რომ 450 კმ სიგრძის ძალოვანი კაბელის შეცვლის გარდა, ასევე, 28 საგვირაბე გამნიავებელი და ახალი, ევროპული სტანდარტის 32 აგრეგატი დამონტაჟდება.

"ეს საშუალებას მოგვცემს, ძალოვანი კაბელები, სავენტილაციო სისტემა, აგრეგატები ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდეს", - თქვა მერმა. მისივე თქმით, ეს სამუშაოები ივლისიდან დაიწყება და 2020 წლის ივნისში დასრულდება.

კომენტარები