უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

უკრაინის არჩევნები: ხმების 94.46% დათვლილია - ზელენსკი 73.19%, პოროშენკო 24.48%

UNIAN

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგები სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი. ამ დროისთვის უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხმების 94.46% აქვს დათვლილი, რომლის მიხედვითაც ვოლოდიმირ ზელენსკის 73.19% აქვს, ხოლო პეტრო პოროშენკოს - 24.48%. 

ცესკოს მონაცემები მეტწილად ემთხვევა ეროვნული ეგზიტპოლის შედეგებს, რომელიც გუშინ საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე გახდა ცნობილი. 

ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნებიდან მალევე პოროშენკომ წაგება აღიარა და თქვა, რომ ეს მონაცემები აძლევს საფუძველს, რომ ოპონენტს დაურეკოს და გამარჯვება მიულოცოს. მანვე აღნიშნა, რომ ის დატოვებს უკრაინის პრეზიდენტის პოსტს, რადგან ასეთია უკრაინელი ხალხის ნება, თუმცა ის კვლავ დარჩება პოლიტიკაში, რადგან მისი თქმით, ის პრინციპები, რომელსაც მისი გუნდი იცავდა, ახლა საფრთხის ქვეშაა. 

ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ზელენსკის პირველი კომენტარი მადლობა იყო უკრაინელი ხალხის და არამხოლოდ მათ მიმართ, რის შემდეგაც უკრაინის მომავალმა პრეზიდენტმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს მიმართა გზავნილით: "შემოგვხედეთ, ყველაფერი შესაძლებელია". 

მანვე ნომერ პირველ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციიდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო ტყვეების სახლში დაბრუნება დაასახელა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, სულ 30 311 492 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

უკრაინაში არჩევნების პირველი ტური 31 მარტს გაიმართა. პირველ ტურში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30.24% მიიღო, პოროშენკომ კი, 15.94%. არჩევნების პირველ ტურში 39 კანდიდატი მონაწილეობდა.

უკრაინაში პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ. ინაუგურაცია 31 მაისს უნდა გაიმართოს.

კომენტარები