კობახიძის კანონპროექტი

მშვენიერაძე: კარგი კანონის მიღებას 2 რეკომენდაციაზე მეტის გათვალისწინება სჭირდება

გიორგი მშვენიერაძე

გიორგი მშვენიერაძის თქმით, ის, რომ მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის 2 რეკომენდაციის გათვალისწინებას დათანხმდა, კანონს უკეთესს გახდის, თუმცა, რჩება მრავალი პრობლემური საკითხი, რომელთა გათვალისწინება ასევე აუცილებელია, რათა კანონი კარგი გახდეს. 

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი ამ საკითხებზე ტაბულასთან დეტალურად საუბრობს. 

მშვენიერაძე ამბობს: 

"ინტერესთა კონფლიქტის შესახებ შემოთავაზებული ფორმულირება გასასწორებელია - ბუნდოვანია, კანდიდატების დოკუმენტაციაზე აქვს თუ არა წვდომა მაინც საბჭოს წევრს, ასევე გაუგებარია, საზოგადოებას აქვს თუ არა კანდიდატების შესახებ შეგროვებულ ინფორმაციაზე წვდომა თუ მარტო პარლამენტის წევრებს აქვთ. 

ეს არ არის ასე მარტივად, რომ ორ საკითხს გაითვალისწინებენ, თითქოს ეს რეკომენდაციების ნახევარია. ასე არ არის. რეკომენდაციები გაცილებით მეტი, ვრცელი და მასშტაბური იყო. 

ის ორი ნაწილი, რაზეც დღეს იყო საუბარი - ინტერესთა კონფლიქტის და გამოცდების საკითხები მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების დასაბუთება;

ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატების გადაყვანა მოხდეს შეფასების საფუძველზე, რის საშუალებასაც ფარდობითი კენჭისყრა არ იძლევა, იმიტომ რომ აბსოლუტურად გაურკვეველია, რა ინფორმაციის საფუძველზე უნდა განახორციელოს იუსტიციის საბჭომ 45 კანდიდატის შერჩევა მეორე ეტაპისთვის. რა ინფორმაცია ითხოვენ ამ კანდიდატების შესახებ, რასთან აქვთ წვდომა საბჭოს წევრებს და რის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებებს. ეს თვითნებობის მაღალ საფრთხეს შეიცავს. 

შემდგომი ეტაპია - ამ კანდიდატებს თუ გაესაუბრნენ და შეაფასეს, რატომ ამ შეფასების საფუძველზე არ უნდა მოხდეს პირველი 18 კანდიდატის შერჩევა და კენჭისყრა და რატომ ხდება კიდევ განმეორებითი, სარეიტინგო ფარული კენჭისყრის ჩატარება საჭირო, როცა ქულები გვაქვს უკვე და ვიცით, ამ ქულების რეიტინგით ვინ არის პირველი 18 კანდიდატი - ესეც გაურკვეველია. 

იგივე შეიძლება ვთქვათ გადაწყვეტილების მიღებაზე - თუკი გადაწყვეტილება საბჭოს მიერ მიიღება იმის მიხედვით, მხარს უჭერს თუ არ უჭერს კანდიდატს, რატომ არ შეიძლება, ეს გადაწყვეტილება დასაბუთდეს. გასაგებია, აქ არგუმენტს გვეუბნებიან, რომ უნდა იყოს ფარული კენჭისყრაო და ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ არ არის ფარული კენჭისყრა სწორი, უნდა იყოს ღია კენჭისყრა. თუკი ფარულობის ინტერესი უპირისპირდება დასაბუთებულობას, ძლევს დასაბუთებულობის ინტერესი. თუმცა, ჩვენც ვეუბნებოდით პარლამენტს, რაღაც კომპრომისულ ვარიანტს და ეს უთხრა ეუთომაც თავისი რეკომენდაციით, რომ მაშინ დახურეთ კენჭისყრა და დაასაბუთეთ გადაწვეტილება, თუმცა, საბჭოს დასაბუთებაზე დათანხმება უფრო უჭირს, ვიდრე ფარულობაზე. დასაბუთება არ უნდათ გადაწყვეტილების და ეს არის პრობლემა", - ამბობს გიორგი მშვენიერაძე. 

მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ კანონპროექტიდან ის ნაწილი ამოიღოს, რომელიც კანდიდატებისთვის გამოცდის ჩატარებას ითვალისწინებს. 

ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ კონსულტაციები დღეს ქართული ოცნების ოფისში გაიმართა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ გადაიხედება ის რეკომენდაციაც, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს ეხება. კერძოდ, თუ მოსამართლეობის კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, ის სხვა მოსამართლეების არჩევაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 

რაც შეეხება მოსამართლეების რაოდენობას, რაზეც ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ უმჯობესია ახლა დაინიშნოს უვადო მოსამართლეთა ნაწილი, ნაწილი კი შემდგომი მოწვევის პარლამენტმა დააკომპლექტოს - არჩილ თალაკვაძის თქმით, ამის შესახებ მმართველი გუნდი კონსულტაციებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გაივლის. 

მართველი გუნდი უარს ამბობს, გაითვალისწინოს რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრის ჩატარების გაუქმებას გულისხმობს. 

ვენეციის კომისია წერს, რომ "კანდიდატების კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია საჯარო უნდა გახდეს და პროცედურა ობიექტურ კრიტერიუმებზე უნდა იყოს დამყარებული. კანდიდატები რეიტინგში უნდა დალაგდნენ იმ ქულების მიხედვით, რომლებსაც ისინი შეფასების პროცესში დააგროვებენ. ამით შესაძლებელი იქნება, რომ პარლამენტში წარადგინონ მხოლოდ საუკეთესო კანდიდატები ამ სიიდან". 

თალაკვაძის თქმით: 

"რაც შეეხება ღია კენჭისყრას, რასაც ახლა ითხოვენ ეს ოპონენტები, მე შეგახსენებთ, რომ ღია კენჭისყრა იყო ზეწოლის და პირდაპირი კონტროლის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი წინა ხელისუფლების დროს, რაც ჩვენ შევცვალეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციით 2013 წელს და ეს გადაწყვეტილება დარჩება უცვლელი". 

ვენეციის კომისიამ კობახიძის კანონპროექტზე დასკვნა 16 აპრილს გამოაქვეყნა. 

დასკვნაში ვენეციის კომისია კობახიძის კანონპროექტს რამდენიმე მიმართულებით აკრიტიკებს და პრაქტიკულად, რეკომენდაციებით სრულად ცვლის კანონპროექტის არსს. 

დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ექსტრაორდინარულია ვითარება, რომლის დროსაც მოქმედ საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია უზენაესი საბჭოს სრულად ახალი შემადგენლობის დაკომპლექტება და ვენეციის კომისია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მხოლოდ იმდენი კანდიდატი დანიშნონ, რამდენიც აუცილებელია უზენაესი საბჭოს მუშაობის პროცესისათვის. 

ამასთან, ვენეციის დასკვნაში წერია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან მნიშვნელოვანი უნდობლობით სარგებლობს.

ვენეციის დასკვნის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, 17 აპრილს კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმაც (ODIHR), რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნის პათოსს იზიარებს და იქვე ამატებს, რომ კანონპროექტში ასახული მოსამართლეთა დანიშვნის დაჩქარებული პროცესი შემაშფოთებელია. 

ამასთან, ODIHR წერს, რომ პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და მისი თავმჯდომარის არჩევა და ამასთან უმაღლესი საბჭოს საბოლოო შემადგენლობაზე მისი გავლენა, პროცესის პოლიტიზირების რისკს ატარებს და შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს უზენაესი სასამართლოს (და დანიშნული მოსამართლეების) დამოუკიდებლობისა და აპარტიულობის შესაძლებლობას.

18 აპრილს უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც ქართული ოცნების დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ ვენეციის კომისიის მხოლოდ ორ რეკომენდაციას გაითვალისწინებენ - გამოცდის გაუქმება არამოსამართლე კანდიდატებისთვის და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებულ რეკომენდაციას, რომელიც იმას გულისხმობს, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, ის თავისი ოპონენტის შეფასების პროცესიდან მთლიანად იქნება გამოთიშული. 

ქართული ოცნების თქმით, ვენეციის კომისიის მთავარ რეკომენდაციაზე, რომელიც ეხება იმას, რომ ერთი მოწვევის პარლამენტმა სრულად არ დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო და მხოლოდ იმდენი მოსამართლე დანიშნოს, რამდენიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის, კონსულტაციებს გაივლიან უზენაეს სასამართლოსთან. 

მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, მოუწოდებდნენ, ვენეციის კომისიის დასკვნამდე კობახიძის კანონპროექტი კომიტეტზე არ განხილულიყო, ოხანაშვილმა არ გაითვალისწინა საზოგადოებრივი პროტესტი და 15 აპრილს კანონპროექტს კენჭი უყარეს და მხარიც დაუჭირეს. 

20 მარტს საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად 89 ხმით პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და მას "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებს.

რა წერია "კობახიძის კანონპროექტში", ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები