კობახიძის კანონპროექტი

გვრიტიშვილი: ვენეციის დასკვნის რეკომენდაციების ნაწილი ჩვენს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

დიმიტრი გვრიტიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი Facebook-ის საშუალებით ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, მიერ მომზადებული კანონპროექტი მოსამართლეთა შერჩევის წესის შესახებ გაკრიტიკებულია. 

გვრიტიშვილი მიიჩნევს, რომ დასკვნაში ასახული რეკომენდაციების ნაწილი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ეს იმ ფონზე, რომ ვენეციის კომისია კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავების პროცესში სრულად იყო ჩართული და ახალი რედაქცია მისი რეკომენდაციებით არის მიღებული. 

გვრიტიშვილის თქმით, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება ის მოთხოვნები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის შემცირებასა და მოსამართლეთა ეტაპობრივ დანიშვნას ეხება. 

"განსაკუთრებით უცნაურია რეკომენდაცია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მხოლოდ ნაწილი აირჩიოს მოქმედმა პარლამენტმა, დანარჩენი კი აირჩიოს 2020-2024 წლების მოწვევის პარლამენტმა. განა ეს პოლიტიკურ სარჩულს არ ატარებს? აქამდე ვიცოდი, რომ ვენეციის კომისია მხოლოდ სამართლებრივი ექსპერტიზისათვის შექმნილი ინსტიტუტი იყო და დროის ცვლილება არ აისახებოდა მისი დასკვნების შინაარსზე," - წერს გვრიტიშვილი. 

მოსამართლე მიიჩნევს, რომ საბჭოს წევრის პასუხისმგებლობა, ღიად გამოთქვას აზრი, რატომ დაუჭირა ან არ დაუჭირა მხარი ამა თუ იმ კანდიდატს, ფარულობის პრინციპს დაარღვევს. 

"თუ ფარული კენჭისყრა უნდა შენარჩუნდეს, მაშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებათა დასაბუთება შეუძლებელია: რანაირად უნდა აიძულო საბჭოს წევრი - ღიად გამოთქვას აზრი, თუ რატომ დაუჭირა ან არ დაუჭირა მხარი კანდიდატს, ეს ხომ ფარულობას დაარღვევს?" - წერს მოსამართლე გვრიტიშვილი. 

ის ალოგიკურს უწოდებს ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციასაც, რომლის მიხედვითაც, თუკი კანდიდატი შერჩევის პროცესიდან გავარდება, მას იუსტიციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩვრება უნდა შეეძლოს. 

"და ბოლოს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა კატეგორიული მოთხოვნაა - კანდიდატს ჩაბარებული ჰქონდეს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 1-ლი და მე-2 ინსტანციების მოსამართლეობისათვის კანონით ეს აუცილებელი მოთხოვნაა, მითუფრო ის აუცილებელი უნდა იყოს უმაღლესი ინსტანციის მოსამართლისათვის, როგორც კვალიფიციურობის დამადასტურებელი ობიექტური განმსაზღვრელი!" - წერს გვრიტიშვილი. 

ვენეციის კომისიამ კობახიძის კანონპროექტზე დასკვნა 16 აპრილს გამოაქვეყნა. 

დასკვნაში ვენეციის კომისია კობახიძის კანონპროექტს რამდენიმე მიმართულებით აკრიტიკებს და პრაქტიკულად, რეკომენდაციებით სრულად ცვლის კანონპროექტის არსს. 

დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ექსტრაორდინარულია ვითარება, რომლის დროსაც მოქმედ საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია უზენაესი საბჭოს სრულად ახალი შემადგენლობის დაკომპლექტება და ვენეციის კომისია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მხოლოდ იმდენი კანდიდატი დანიშნონ, რამდენიც აუცილებელია უზენაესი საბჭოს მუშაობის პროცესისათვის. 

ამასთან, ვენეციის დასკვნა წერს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან მნიშვნელოვანი უნდობლობით სარგებლობს.

ვენეციის დასკვნის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, 17 აპრილს კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმაც (ODIHR), რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნის პათოსს იზიარებს და იქვე ამატებს, რომ კანონპროექტში ასახული მოსამართლეთა დანიშვნის დაჩქარებული პროცესი შემაშფოთებელია. 

ამასთან, ODIHR წერს, რომ პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და მისი თავმჯდომარი არჩევა და ამასთან მაღლესი საბჭოს საბოლოო შემადგენლობაზე მისი გავლენა, პროცესის პოლიტიზირების რისკს ატარებს და შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს უზენაესი სასამართლოს (და დანიშნული მოსამართლეების) დამოუკიდებლობისა და აპარტიულობის შესაძლებლობას.

18 აპრილს უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც ქართული ოცნების დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ ვენეციის კომისიის მხოლოდ ორ რეკომენდაციას გაითვალისწინებენ - გამოცდის გაუქმება არამოსამართლე კანდიდატებისთვის და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებულ რეკომენდაციას, რომელიც იმას გულისხმობს, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, ის თავისი ოპონენტის შეფასების პროცესიდან მთლიანად იქნება გამოთიშული. 

ქართული ოცნების თქმით, ვენეციის კომისიის მთავარ რეკომენდაციაზე, რომელიც ეხება იმას, რომ ერთი მოწვევის პარლამენტმა სრულად არ დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო და მხოლოდ იმდენი მოსამართლე დანიშნოს, რამდენიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის, კონსულტაციებს გაივლიან უზენაეს სასამართლოსთან. 

მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, მოუწოდებდნენ, ვენეციის კომისიის დასკვნამდე კობახიძის კანონპროექტი კომიტეტზე არ განხილულიყო, ოხანაშვილმა არ გაითვალისწინა საზოგადოებრივი პროტესტი და 15 აპრილს კანონპროექტს კენჭი უყარეს და მხარიც დაუჭირეს. 

20 მარტს საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად 89 ხმით პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და მას "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებს.

რა წერია "კობახიძის კანონპროექტში", ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები