ვენეციის კომისიის რეკომენდაციები

კობახიძე ვენეციის კომისიაზე: გამოცდის ამოღების რეკომენდაციის გათვალისწინება შეიძლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მოსამართლეების შერჩევის შესახებ მის კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას დადებითს უწოდებს და ამბობს, რომ ეს მოსალოდნელი იყო.

ირაკლი კობახიძის თქმით, შესაძლებელია წარმოდგენილი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის გაზიარება, მათ შორის იმისაც, რომლებიც პოლიტიკური ოპონენტების მოთხოვნას ეფუძნება. 

კობახიძე აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციების გათვალისწინებაც შესაძლებელია, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.

"არის წარმოდგენილი რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია. ჩვენ იმთავითვე აღვნიშნეთ, რომ მზად ვართ გავიზიაროთ ის რეკომენდაციები, რომლებიც შესაბამისობაში იქნებოდა კონსტიტუციისა და სამართლის ლოგიკასთან და ამ მიდგომის შესაბამისად, ჩემი პოზიციაა, რომ შესაძლებელია წარმოდგენილი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის გაზიარება, მათ შორის ჩემი აზრით, შესაძლებელია იმ რეკომენდაციების გათვალისწინებაც, რომელიც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მოთხოვნებს ეფუძნება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს რეკომენდაცია შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღების შესახებ. ამასთან დაკავშირებით სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და ჩემი კოლეგებისთვისაც აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რატომ შეიძლება ეშინოდეს ამ კრიტერიუმის ისეთ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია მაღალკვალიფიციური ადამიანებით დაკომპლექტებული უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებით, კონტექსტის გათვალისწინებით, მე მიმაჩნია, რომ ამ რეკომენდაციის გათვალისწინება შესაძლებელია",- ამბობს კობახიძე. 

მისივე თქმით, ასევე შეიძლება გათვალისწინებული იყოს რეკომენდაცია, რომელიც უკავშირდება ინტერესთა კონფლიქტს.

"ჩვენ უკვე ავსახეთ ორგანული კანონის პროექტში ყველა ნორმა, რომელიც გამორიცხავს ინტერესთან კონფლიქტს მოსამართლეების შერჩევისა და არჩევის დროს, კერძოდ, ჩვენ იუსტიციის საბჭოს კანდიდატ წევრს დავუტოვეთ მხოლოდ სხვა კანიდიდატებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა და აქ გამორიცხულია ინტერესთა კონფლიქტი. არის ინიციატივა, რომ საბჭოს წევრს, რომელიც არის კანდიდატი, საერთოდ არ ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება და აქაც მე მიმაჩნია, რომ შესაძლებელია ამ რეკომენდაციის გაზიარება",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

კობახიძე ამბობს, რომ აღნიშნული საკითხები უნდა განიხილონ და საბოლოო გადაწყვეტილებას უმრავლესობასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ. მისივე თქმით, 17 აპრილს დაინტერესებულ პირებთან შეხვედრას გაიმართება, სადაც კომისიის რეკომენდაციებს განიხილავენ.

ვენეციის კომისიის დასკვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესისა და პროცედურების შესახებ დღეს გამოქვეყნდა.

კომენტარები