ევროპარლამენტის არჩევნები

მატეო სალვინის ევროპის ულტრამემარჯვენე ალიანსის შექმნა სურს

THE EUROPEAN POST

8 აპრილს მილანში იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა და “ჩრდილოეთის ლიგის” პარტიის ლიდერმა მატეო სალვინიმ ევროპის რადიკალ მემარჯვენეთა პარტიებს უმასპინძლა.

შეხვედრის მიზანი 2019 წლის მაისში დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნებისთვის ულტრამემარჯვენე, პოპულისტური ალიანსის შექმნა არის.

შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის “ალტერნატივა გერმანიისთვის” პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, “ფინელების პარტიის” თავმჯდომარე და “დანიის სახალხო პარტიის” წარმომადგენელი.

სალვინიმ თქვა, რომ მათი მიზანი ევროპარლამენტის არჩევნების მოგება და ევროპის შეცვლაა.

ულტრამემარჯვენე პარტიებს ეროვნული საზღვრების განსაზღვრის სურვილი და არალეგალური მიგრაციის შეჩერება აერთიანებთ, თუმცა პარტიებს ეკონომიკურ პოლიტიკაზე განსხვავებული ხედვა აქვთ.

ალიანსის სახელწოდება იქნება „საღი აზრის ევროპისკენ: ხალხის აღზევება.“

„უამრავი ევროპელისთვის ევროკავშირი კოშმარია… ევროპული ოცნება ბიუროკრატებისა და ევროპის მმართველი ბანკების გამო საფრთხეშია, ისინი უკვე დიდი ხანია ევროპას მართავენ, ახლა კი სახალხო მთავრობის შექმნის დროა,“ - განაცხადა სალვინიმ შეხვედრაზე გამოსვლისას.

სალვინის თქმით, შეხვედრა წარმოადგენს „ევროპის მომავალი 50 წლის ხედვის” გაანალიზებას.

4 აპრილს მატეო სალვინი პარიზში შეხვდა საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერს მარინ ლე პენს და უნგრეთის პრემიერმინსტრ ვიქტორ ორბანს. 8 აპრილის შეხვედრას ისინი არ ესწრებოდნენ, თუმცა მატეო სალვინის თანახმად, თავად წარმოადგენდა ფრანგ, ავსტრიელ და ჰოლანდიელ წევრებს.

ევროპარლამენტის არჩევნები 2019 წლის 23-26 მაისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში იტალიური გაზეთის L’Espresso-ს ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით 2018 წლის ოქტომბერში იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის მატეო სალვინი და მისი თანაშემწის ჯანლუკა სავოინის რუსეთში ვიზიტისას სალვინის ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გარიგება შესთავაზეს. გამოძიების ინფორმაციით, ჯიანლუკა სავოინისთან გარიგების მიხედვით ფულად დახმარებას ნავთობის ფასზე რუსეთის სახელმწიფო ფირმასთან გარიგებით მიიღებდნენ.

იტალიის ამჟამინდელი სამთავრობო კოალიციის წევრი ორივე პარტია, "ჩრდილოეთის ლიგა" და "5 ვარსკვლავის მოძრაობა" რუსეთთან დაახლოების და სანქციების გადახედვის მომხრეა.

რუსეთში ვიზიტამდე სალვინიმ თქვა, რომ რუსეთისათვის დაწესებული სანქციები სოციალური, კულტურული და ეკონომიკური აბსურდია და ბევრ ბიზნესმენს უკითხავს მისთვის როდის მოხსნიდნენ სანქციებს, რადგან ეს იტალიურ კომპანიებს აზარალებს.

კომენტარები