Facebook

Facebook საკუთარ პლატფორმებზე თეთრი ნაციონალიზმისა და სეპარატიზმის მომხრე ჯგუფებს აღარ დაუშვებს

მარკ ცუკერბერგი
Reuters

Facebook საკუთარ პლატფორმებზე თეთრ ნაციონალიზმისა და სეპარატიზმის მომხრე ჯგუფებს აღარ დაუშვებს. კომპანიაში ამის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც აღმოჩნდა, რომ არსებული პოლიტიკის მიუხედავად მომხმარებლებს მაინც შეეძლოთ სიძულვილის ემის შემცველი მასალის განთავსება.

გადაწყვეტილება ძალაში მომდევნო კვირიდან შევა. ის ახალ ზელანდიაში თეთრკანიანთა სუპრემასიზმის მომხრის მიერ მეჩეთებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას მოჰყვა, რომელსაც 50 ადამიანი ემსხვერპლა. Facebook და სხვა სოციალური მედიები დაადანაშაულეს იმაში, რომ მსგავსი პირები მათი პლატფორმების გამოყენებას და პროპაგანდის გავრცელებას ახერხებენ. ამ შემთხვევაში საუბარი იყო თავდამსხმელის მიერ Facebook-ზე თავდასხმის დროს ჩართულ ვიდეოში, რომელიც შემდგომ ყველა სოციალური ქსელიდან აიღეს.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდაპირველად ისინი თეთრ ნაციონალიზმს მისაღებ ხედვად მიიჩნევდნენ, ამერიკული ნაციონალიზმის ან ბასკური სეპარატიზმის მსგავსად და მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ის პოლიტიკა დიდი ხანია კრძალავს სიძულვილის შემცველ და რასისტულ რიტორიკას, არ მიაჩნდათ, რომ ის ამ აკრძალულ კატეგორიას მიეკუთვნებოდა.

"ჩვენ თავდაპირველად იგივე ლოგიკა გავავრცელეთ თეთრ ნაციონალიზმზე და სეპარატიზმზე, რადგან ვფიქრობდით ნაციონალიზმის და სეპარატიზმის ფართო კონცეფციებზე, როგორიცაა ამერიკული სიამაყე და ბასკური სეპარატიზმი, რომელიც ზოგიერთი ადამიანის იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია." ნათქვამია განცხადებაში.

ფრაზები, როგორიცაა "მე ამაყი თეთრკანიანი ნაციონალისტი ვარ" და "აშშ მხოლოდ თეთრკანიანთა ქვეყანა უნდა იყოს" კომპანიის მოდერატორებისათვის მიცემულ მითითებებში მისაღებად იყო აღნიშნული, თუმცა ფრაზა "მე თეთრი სუპრემატისტი ვარ" აკრძალული იყო.

Facebook-ში ამბობენ, რომ ამის შემდეგ რასიზმისა და ექსტრემიზმის თაობაზე სპეციალისტებთან კონსულტაციები გაიარეს და დაასკვნეს, რომ თეთრკანიანთა ნაციონალიზს თეთრი სუპრემასიზმისგან და ორგანიზებული სიძულვილის ჯგუფებისაგან არსებითად ვერ განასხვავებენ.

"ამიერიდან, ხალხს კვლავ შეეძლება დააფიქსიროს სიამაყე საკუთარი ეთნიკური მიკუთვნებულობის თაობაზე, თუმცა ჩვენ არ დავუშვებთ და მხარს არ დავუჭერთ თეთრ ნაციონალიზმსა და სეპარატიზმს." ნათქვამია განცხადებაში

კომენტარები