MDF-ის კვლევა

ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობა ევროინტეგრაციის შესახებ - MDF-ის კვლევა

droa.ge

მედიის განვითარების ფონდმა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის საკითხი იკვლია

ორგანიზაციამ ამ მიზნით სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების მცხოვრებთა ინფორმაციის ძირითადი წყაროები შეისწავლა, მათზე დაყრდნობით კი იმ მედია გზავნილები გააანალიზა, რომლებიც ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს.

MDF-ის კვლევის საგანი ასევე იყო, რამდენად ასრულებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ შინაარსობრივ ვალდებულებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების შესახებ უმცირესობების ინფორმირების თაობაზე. 

კვლევით გამოიკვეთა, რომ "უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სატელევიზიო არხების მიმართ ნდობა საკმაოდ დაბალია (45% არცერთ არხს არ ენდობა), რაც იმით უნდა იყოს განპირობებული, რომ ნაციონალური დაფარვის არხები ნაკლებად ასახავენ რეგიონების პრობლემებს და ამ რეგიონების მოქალაქეები საკუთარ თავს შესაბამისს მედია კონტენტთან ვერ აიდენტიფიცირებენ". 

MDF ასევე წერს:

  • "მიუხედავად იმისა, რომ ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა შორის რუსული სოციალური ქსელის „ოდნოკლასნიკების“ მომხმარებლები (61,5%) მეტად იყვნენ წარმოდგენილნი, ვიდრე ფეისბუკის (25,6) და ტრადიციული მედიის (12,9%), ყველაზე ნაკლებ სანდოდ რესპონდენტებმა სწორედ "ოდნოკლსნიკები" (65%) დაასახელეს, ყველაზე სანდოდ კი თითქმის თანაბარი მონაცემებით – ტრადიციული მედია (35,7%) და ფეისბუკი (35,1%).
  • ქართული მედია საშუალებებიდან ინფორმაციის მიღების შემაფერხებელ ფაქტორებად ნაწილობრივ ენობრივი ბარიერი, ნაწილობრივ კი ხელმისაწვდომობის პრობლემა დასახელდა; რუსული მედიის მიმზიდველობის განმაპირობებელ ფაქტორად კი – გადმოცემის უკეთესი უნარი, რაც მიწოდებული შინაარსის სიყალბეს ნაკლებად პრობლემურს ხდიდა". 

ორგანიზაციის მიგნებით: 

  • უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების - სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის - მოსახლეობის სატელევიზიო მედია მოხმარების შესახებ ყოველდღიური ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, რადგან სატელევიზიო აუდიტორიის გამზომი კომპანიების საკვლევ პანელში ეს რეგიონები არ შედის. შესაბამისად, სატელევიზიო რეიტინგებში არ აისახება იმ აუდიტორიის სპეციფიკა, რაც, სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, მეზობელი ქვეყნების საინფორმაციო გავლენებისადმი მათ განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის.
  • NDI-ის 2018 წლის მარტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ტელევიზიის (36%) და ინტერნეტის (10%), როგორც ინფორმაციის ძირითადი წყაროების, ხვედრითი წილი, დანარჩენ საქართველოსთან შედარებით, დაბალია, ხოლო არაფორმალური წყაროების – ჯამურად მაღალი (ოჯახის წევრები – 21%, მეზობლები, მეგობრები – 17%, თანამშრომლები – 3%).

რაც შეეხება რუსულ არხებს და ყველაზე დამაჯერებელ დეზინფორმაციას ეთნიკური უმცირესობებისთვის: 

  • რუსეთის პირველი არხის და როსია 24-ის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგმა აჩვენა, რომ გამოვლენილი ანტიდასავლური გზავნილიდან ყველაზე მეტი აშშ-ს და სირიაში აშშ-ს მეთაურობით მოქმედი კოალიციის წინააღმდეგ იყო მიმართული (46,4%), რასაც თითქმის თანაბრად დიდი ბრიტანეთი (9,8%) და ევროკავშირი (9,1%) მოსდევენ.
  • ამერიკის წინააღმდეგ გაკეთებული კომენტარები ძირითადად შეერთებული შტატების და სირიის კონფლიქტში ამერიკის მეთაურობით მოქმედი კოალიციის, როგორც ძალადობის და ტერორიზმის მაპროვოცირებელი ძალის იმიჯის წარმოჩენას ახდენდა. ფოკუს ჯგუფებში გამოვლინდა კორელაცია რუსული ტელეარხების დეზინფორმაციულ გზავნილებსა და რესპონდენტთა დამოკიდებულებებს შორის, რომელთა თანახმად, ე.წ. ისლამური სახელმწიფო ამერიკიდან იღებს სათავეს, ხოლო რუსეთი რეალურად ებრძვის ტერორიზმს.
  • დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ გზავნილები ძირითადად სკრიპალების მოწამვლის საქმეს უკავშირდებოდა, რა დროსაც კონტრბრალდებების (whataboutism) წამოყენება და რუსეთის პასუხისმგებლობიდან აქცენტის სხვა აქტორებზე, მათ შორის ბრიტანეთზე, გადატანა ხდებოდა.
  • იმისდა მიუხედავად, რომ ფოკუს ჯგუფებში სკრიპალების საქმეში რუსეთის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით აზრი ორად გაიყო, რესპონდენტთა უმრავლესობა რუსეთს უფრო სახიფათო ქვეყნად მიიჩნევდა, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებს.
  • ევროკავშირთან დაკავშირებით მთავარი გზავნილები მიგრაციის კრიზისს უკავშირდებოდა, რა დროსაც არა მხოლოდ ევროკავშირის ლიბერალური პოლიტიკის დემონიზება, არამედ ქსენოფობიური კონტექსტის შექმნა და მიგრანტების კრიმინალებად და ტერორისტებად წარმოჩენა ხდებოდა.
  • ბიოდივერსიის შესახებ გაშუქება ძირითადად თბილისში მოქმედ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს უკავშირდებოდა. მკვიდრდებოდა მოსაზრება, რომ აქ ადამიანებზე სასიკვდილო ექპერიმენტებს ატარებენ და ბიოლოგიურ იარაღს ცდიან, ლაბორატორიის საქმიანობა კი რუსეთის წინააღმდეგ მიმართულად იყო შეფასებული.
  • უკრაინასთან მიმართებით ნეგატიური გაშუქება ძირითადად მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, ასევე ყირიმის ანექსიასა და 2014 წლის მაიდნის მოვლენებს შეეხებოდა.
  • იდენტობის დაკარგვისა და დასავლეთიდან თავსმოხვეული მიუღებელი ღირებულებების გზავნილების გარდა, რამდენიმე შემთხვევაში სექსუალური იდენტობის დაუსაბუთებელი მითითება ჰომოფობიურ კონტექსტში ხდებოდა.
  • ამერიკელ ფილანტროპ და ფონდ „ღია საზოგადოების“ დამფუძნებელ ჯორჯ სოროსთან დაკავშირებული კომენტარები ამკვიდრებდა მოსაზრებას, რომ სოროსი მსოფლიოში ხავერდოვანი რევოლუციების ინსპირატორია და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევა.
  • ყალბი ინფორმაციის ნუსხიდან ყველაზე დამაჯერებელი ფოკუს ჯგუფების მონაწილეებისთვის ის დეზინფორმაცია აღმოჩნდა, რომლის თანახმად, ამერიკა ახლო აღმოსავლეთში ტერორისტებს უჭერს მხარს, რათა ნავთობის რესურსები მოიპოვოს (79,7%), რაც კორელაციაშია რუსული ტელევიზიების ნარატივთან, რომელიც ამერიკის აგრესიულ პოლიტიკასა და ტერორიზმთან კავშირზე ამახვილებს ყურადღებას.
  • რეალური ფაქტებიდან კი ყველაზე ნაკლებ დამაჯერებელი ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის ის ინფორმაცია აღმოჩნდა, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მათი რელიგიური უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს (სიმართლე – 50%; ტყუილი – 50%) და ჯორჯ სოროსის დაფინანსებით მუსლიმთა კულტურული და რელიგიური თვითმყოფადობის ძეგლების დაცვას (სიმართლე – 46,9%; ტყუილი – 53,1%) შეეხება.

MDF-ის კვლევის საგანი ასევე იყო, რამდენად ასრულებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ შინაარსობრივ ვალდებულებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების შესახებ უმცირესობების ინფორმირების თაობაზე.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით MDF-მა დაასკვნა:

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018-2021 წლის პროგრამული პრიორიტეტები კანონმდებლობით განსაზღვრულ შინაარსობრივ ვალდებულებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების, ინფორმირების თაობაზე ასახავს, თუმცა, კვარტალური ანგარიშები არ შეიცავს ინფორმაციას, თუ რა კრიტერიუმებით ფასდება და როგორ სრულდება აღნიშნული შინაარსობრივი ვალდებულებები.
  • იმის გათვალისწინებით, რომ მაუწყებელს არ აქვს სატელევიზიო რეიტინგების მონაცემები არც რეგიონულ, არც ეთნიკურ ჭრილში, აუდიტორიის ქცევის რეგულარული ანალიზი და შეფასება, თუ რამდენად მიუწვდებათ უმცირესობებს ხელი მათთვის განკუთვნილ გადაცემებზე და როგორია ამ გადაცემების რეიტინგი აღნიშულ რეგიონებში, ვერ ხორციელდება.
  • რთული იყო იმის დადგენა, თუ რა რეგულარობით გადიოდა უმცირესობების ინფორმირების მიზნით (განსაკუთრებით ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე), მათთვის გასაგებ ენებზე მომზადებული საინფორმაციო გადაცემები და სხვა პროგრამები. ეს ყოველივე ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე მიანიშნებს.
  • აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ფოკუს ჯგუფებში საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოვლინდა: ნაწილი მაუწყებლის გადაცემებს ტექნიკური პრობლემების გამო, ნაწილი კი ენობრივი ბარიერის გამო ვერ ადევნებდა თვალს, ნაწილის აზრით კი, უმცირესობების ენებზე გადაცემები მხოლოდ ქართულიდან თარგმანს წარმოადგენდა და ადგილობრივები მედია კონტენტში საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ვერ ახდენდნენ.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემების მონიტორინგმა აჩვენა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემატიკა აქტიურად და მეტწილად ნეიტრალურად ან პოზიტიურად შუქდებოდა. გამონაკლისი იყო საერთაშორისო საკითხებზე ანალიტიკური გადაცემა „42 პარალელი“, რომელიც დასავლეთის ქვეყნების და ინსტიტუტების გაშუქების მკვეთრად ნეგატიური ტონით გამოირჩეოდა. გადაცემის სარედაქციო პოლიტიკა ძირითადად ნეოლიბერალური ეკონომიკის მიმართ იდეოლოგიურ მიუღებლობას ეფუძნებოდა, რაც პოლიტიკური პროცესების შეფასებისას ავტორთა პოზიციას განსაზღვ- 13 რავდა. ამასთანავე, უშუალოდ მონიტორინგის წინა პერიოდში გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც „42 პარალელის“ სარედაქციო პოზიცია სკრიპალების მოწამვლისა და სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიმართებით თანხვედრაში იყო ქართული კრემლისტური პოლიტიკური პარტიის – „პატრიოტთა ალიანსის“, რუსეთის ხელისუფლებისა და მედია საშუალებების პოზიციებთან.

კომენტარები