დისკრიმინაცია

NGO-ები: არამართლმადიდებელი სასულიერო პირებისთვის ჯარის გადავადების გაუქმება დისკრიმინაციაა

facebook.com/KvirikashviliOfficial

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია კრიტიკულად აფასებს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას, მართლმადიდებელი მღვდელმსახურების გარდა, ყველა სხვა რელიგიის სასულიერო პირისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს. NGO-ების განცხადებით, ეს დისკრიმინაცია და რელიგიის თავისუფლების სფეროში კანონმდებლობის აშკარა გაუარესებაა.

"კონკრეტული ჯგუფისთვის უფლების ჩამორთმევის შესახებ ინიციატივას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მსგავს მდგომარეობაში მყოფ დომინანტური რელიგიის წარმომადგენელ სასულიერო პირებს ანალოგიური უფლება უნარჩუნდებათ, შეუძლებელია მოეძებნოს ლეგიტიმური გამართლება და რელიგიური ნიშნით აშკარა დისკრიმინაციას წარმოადგენს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, კოალიცია შემაშფოთებლად მიიჩნევს ინიციატივის ავტორის განმარტებას, რომლის თანახმად, ცვლილების აუცილებლობა არსებული კანონმდებლობის მოქმედების ხარვეზით არის გამოწვეული და მართლმადიდებელი მღვდელმსახურებისთვის ეს უფლება კონკორდატით შენარჩუნდება.

არასამთავრობო ორგანიზაციები ირაკლი სესიაშვილს მიუთითებენ, რომ საკანონმდებლო თუ პრაქტიკული ხარვეზის რომელიმე ჯგუფისთვის უფლების შეზღუდვის სანაცვლოდ მოწესრიგება ადამიანის უფლებათა იდეასთან არსებით წინააღმდეგობაში მოდის.

"სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ არსებითად უპასუხოს ფართე საზოგადოებრივი ჯგუფების უკმაყოფილებას სავალდებულო სამხედრო სამსახურის მიმართ და არსებული სისტემის ტრანსფორმაცია მოახდინოს, ის ცდილობს ამ სისტემისგან თავის დაცვის საშუალებების მოსპობას სხვა სოციალური ჯგუფების უფლებების უხეში ხელყოფის ხარჯზე. ამასთან, ის გარემოება, რომ მართლმადიდებელი სასულიერო პირებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საკითხი კონსტიტუციური შეთანხმებით რეგულირდება, თავისთავად ვერ გაამართლებს სხვა ჯგუფის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ხელმომწერების თქმითვე, სამწუხაროა ისიც, რომ აღნიშნული ინიციატივა კომიტეტის თავმჯდომარემ ფართო საზოგადოებრივ ჯგუფებთან სათანადო კონსულტაციის ჩატარების გარეშე მოამზადა. 

NGO-ები მიუთითებენ იმაზეც, რომ რელიგიის თავისუფლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა ისედაც ასიმეტრიული და დისკრიმინაციულია.

"წლების განმავლობაში რელიგიური უმცირესობების მიერ მოპოვებული უფლებების და აღიარების გაუქმების მცდელობა კი საკანონმდებლო სივრცის კიდევ უფრო გაუარესების აშკარა მცდელობაა. იმ პირობებში, როდესაც რელიგიური უმცირესობები კიდევ უფრო ღრმა და სისტემურ დისკრიმინაციას და გარიყულობას განიცდიან პრაქტიკაში, უთანასწორობის საკანონმდებლო დონეზე გაფორმება, გარიყულობის, მეორე ხარისხოვანი მოქალაქეობის განცდას და უთანასწორობის მდგომარეობას კიდევ უფრო აღრმავებს. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება საზოგადოებრივი ჯგუფების კონსოლიდაციას ცდილობდეს, მსგავსი ინიციატივებით ის ეთნიკური და რელიგიური მარკერებით სოციალური ჯგუფების ფრაგმენტაციას და იერარქიზებას ახდენს", - აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე წერენ, რომ ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა რელიგიის თავისუფლების სფეროში ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი მკვეთრად რეგრესული და უთანასწორო ინიციატივების ჯაჭვის გაგრძელებაა და მთლიანობაში დემოკრატიის, თანასწორობის იდეების აღიარების და უპატივცემულობის პოლიტიკურ პრობლემას აჩვენებს.

"კოალიცია თანასწორობისთვის" მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს:

  • კრიტიკულად შეაფასონ და მხარი არ დაუჭირონ ირაკლი სესიაშვილის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას და დაიცვან და პატივი სცენ თანასწორობის და რელიგიის თავისუფლების სტანდარტებს;
  • სათანადოდ გაიაზრონ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მიმართ არსებული სოციალური უკმაყოფილება და პირადი თავისუფლებისა და თვითგანვითარების უფლების, ასევე სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებით მის არსებით რევიზიაზე იფიქრონ;
  • სათანადოდ გაიაზრონ რომ უთანასწორობისკენ მიმართული ინიციატივები არღვევს დემოკრატიული, სამართლიანი და პლურალური საზოგადოების განვითარების შესაძლებლობებს და რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებში გარიყულობის ღრმა კვალს ტოვებს.

განცხადების ხელმომწერები არიან "კოალიცია თანასწორობისთვის" წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები.

  • ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი 
  • კავშირი საფარი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას შემაშფოთებელს უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ ერთი გაერთიანება. "არა ფობიას" მიიჩნევს, რომ დაგეგმილი ცვლილება ზღუდავს რელიგიის თავისუფლებას და ეწინააღმდეგება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს, რომელიც არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობის დაწესებას კრძალავს.

"ამგვარი ინიციატივა განსაკუთრებულ კრიტიკას იმსახურებს იმ ფონზე, როდესაც რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის და რელიგიური საფუძვლით დისკრიმინაციის შემთხვევები (როგორც კანონმდებლობაში, ისე პრაქტიკაში) ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ჩვენს საზოგადოებაში", - აღნიშნავენ ორგანიზაციები.

მათივე თქმით, ის, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებისთვის ამ უფლებით სარგებლობა კონკორდატითაა განმტკიცებული, სხვა კონფესიებისთვის ამ უფლების ჩამორთმევას არ ამართლებს.

"მოვუწოდებთ კანონპროექტების ინიციატორებს და საქართველოს პარლამენტს იხელმძღვანელონ კონსტიტუციური პრინციპებით და არ დაუშვან იმგვარ კანონთა მიღება, რომელიც ზღუდავს კონკრეტულ პირთა ჯგუფის უფლებებს, მაშინ როდესაც არ არსებობს აღნიშნული შეზღუდვის გამართლების საფუძვლები.

ამავდროულად მნიშვნელოვანია დისკრიმინაციული შინაარსის ინიციატივების ნაცვლად, პარლამენტმა იმსჯელოს და დროულად აღმოფხვრას კანონმდებლობაში არსებული უთანასწორობა რელიგიური გაერთიანებების მიმართ", - აღნიშნავენ ორგანიზაციები.

განცხადებაზე ხელმომწერი და "არა ფობიას" წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

შეგახსენებთ, რომ ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტს მიმართა ინიციატივით, კანონში საერთოდ გაუქმდეს ის ნორმა, რომლითაც მღვდელთმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს, აღნიშნული უფლება ფორმალურად ჩამოერთმევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურსაც, თუმცა, კონკორდატის გათვალისწინებით, მას არათუ გადავადების, სამხედრო სამსახურისგან სრულიად გათავისუფლების უფლება დარჩება.

კომენტარები