ქართული ოცნების პოლიტიკური მდივნის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მათი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი თავისუფლებაა. მან TBC ბანკის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ "ბიზნესი ხელშეუხებელია". ღარიბაშვილის შეფასებით, მამუკა ხაზარაძის საქმე "ცალკეული სისხლის სამართლის დანაშაულია".
"სამი მთავარი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების არის თავისუფლება, თავისუფლება, თავისუფლება. თავისუფლებაში ვგულისხმობ ყველაფერს - ჩვენი, 1 ოქტომბრის მონაპოვარი არის თავისუფლება. შემდეგ, რა თქმა უნდა, თავისუფლება მოიპოვა ბიზნესმა. თუ რაღაც მილიონში, არ ვიცი, ერთ ან ორ შემთხვევას დამისახელებთ და ამაზე გინდათ ვისაუბროთ და აქედან დავასკვნათ, რომ რაღაც პრობლემები გვაქვს" - თქვა ღარიბაშვილმა TV პირველის ეთერში.
გადაცემა "რეაქციის" წამყვანის ინგა გრიგოლიას რეპლიკაზე, რომ ძალიან სერიოზული პრობლემებია, ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი პასუხობს - "არ ვიცი, რა პრობლემებია".
"ბატონი ივანიშვილის ხელწერა, მისი მთავარი მიდგომა ბიზნესის მიმართ და მისი დავალება ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის მიმართ იყო შემდეგი - ბიზნესი უნდა იყოს ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში. და არის ბიზნესი ხელშეუხებელი, მოდით, ყველამ ერთად ვაღიაროთ" - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ინგა გრიგოლიას კითხვაზე, "რანაირად?“, ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი პასუხობს - "როგორ რანაირად? დღეს ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი. არ ვიცი მამუკა ხაზარაძის კონკრეტული საქმე, რომელიც არის სისხლის სამართლის დანაშაული, როგორც ამბობს პროკურატურა, ეს მათი გასარკვევია და არა ჩემი. ეს ჩემი სამსჯელო არაა. ჩემი, როგორც პოლიტიკური მდივნის გასარჩევი საკითხი ეს არ არის. ეს არის გამოძიების კომპეტენცია და მე მჯერა, რომ გამოძიება საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის ამ კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის ირგვლივ“.
რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის ინფორმაციას, რომ მან შს მინისტრი გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო, ექსპრემიერი ამბობს, რომ ყველაფერს სჭირდება დადასტურება და ფაქტები.
"არ მაქვს საფუძველი დავიჯერო, რატომ უნდა დავიჯერო? ამას სჭირდება ფაქტები. მე მახსოვს, რა იყო ბიძინა ივანიშვილის დავალება ჩვენდამი - დაეხმარეთ ყველა ბიზნესს. პრობლემა არ შეუქმნას, არავინ არ გაბედოს. მე პირადად ბატონ ხაზარაძეს გავყევი ლონდონში, როცა "თიბისის“ აქციების გატანა მოხდა ანუ ჩვენ და პირადად ბატონი ივანიშვილი, მე როგორც ვიცი, მაქსიმალურად ეხმარებოდა და ეხმარება ყველა ბიზნესმენს... ცალკეულ შემთხვევაზე მელაპარაკებით და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არ არის ჩემი საქმე, მე არ ვიცნობ ამ საქმეს, მე არ მაქვს უფლება, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებში ჩავიხედო" - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.





