აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

ქაცარავა აბაშიძეზე: კომიტეტი, სადაც განიხილებოდა სენსიტიური საკითხი, უნდა დაგვეხურა

საქართველოს პარლამენტი

საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ამბობს, რომ 4 მარტს გამართული სხდომა, რომელზეც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს უსმენდნენ, განსახილველი საკითხის სენსიტიურობის გამო დახურა.

ქაცარავამ ამის შესახებ სესიაზე ისაუბრა. 

"გუშინ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გვქონდა მოსმენა ოკუპირებულ ტერიტორიებთან და რუსეთთან დაკავშირებით - ამაში გასაკვირი და არაორდინალური ნამდვილად არაფერი არ არის, რადგან მსგავსი თემატური მოსმენები ჩვენი კომიტეტის განუყოფელი დღის წესრიგი გახდა. არაორდინალური იყო, ისევ და ისევ, უმცირესობის მხრიდან დამოკიდებულება და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული აჟოტაჟი იმასთან დაკავშირებით, დახურულ ფორმატში უნდა ჩაგვეტარებინა თუ არა კომიტეტი, სადაც განიხილებოდა სენსიტიური საკითხი და ვთვლი, რომ ის გადაწყვეტილება, რაც გუშინ მივიღეთ იყო აბოლუტურად გამართლებული, ლოგიკური. ვთვლი, რომ ამას დიდი ახსნა-განმარტება ნამდვილად არ სჭირდება. შინაარსიანი განხილვა რომ გვქონოდა, ჩვენ კომიტეტი უნდა დაგვეხურა,"- ამბობს სოფიო ქაცარავა.

4 მარტს საგარეო კომიტეტის სხდომა, რომელზეც აბაშიძეს უსმენდნენ, ქართული ოცნების დეპუტატების მოთხოვნით და სოფიო ქაცარავას გადაწყვეტილებით დაიხურა. ოპოზიციური პარტიები ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა ითხოვდნენ, სხდომა ღია ყოფილიყო.

ევროპული საქართველოს დეპუტატის გიგა ბოკერიას თქმით, საგარეო კომიტეტის სხდომის დახურვა, სადაც რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს, უსმენდნენ, "უკანონობა და საზოგადოებისა და დემოკრატიული პროცედურების უპატივცემულობა იყო".

მისი თქმით, იმ კითხვებზე, რაც ოპოზიციას ჰქონდა აბაშიძე-კარასინის ფორმატის ბოლო, 27 თებერვალს გამართული შეხვედრის შესახებ, ვერც დამაჯერებელი პასუხები მიიღეს და ვერც ადეკვატური ახსნა-განმარტება.  ბოკერია ამბობს, რომ მმართველ გუნდში რუსეთთან დაკავშირებით არ არსებობს პოლიტიკური ნება ან ხედვა და ის პასუხები, რომლებიც ოპოზიციამ მოისმინა, კიდევ ერთხელ ადასტურებდა იმას, რომ დიპლომატებს არ აქვთ კონკრეტული დავალება, რომ დასვან ეს საკითხები იმ ფორმით, რაც საქართველოს ინტერესებში შედის.

აბაშიძე-კარასინის ფორმატის მორიგი შეხვედრა პრაღაში 27 თებერვალს გაიმართა, რის შემდეგაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ოფიციალურ თბილისს "უსიამოვნო მოულოდნელობებით დაემუქრა".

კომენტარები