ოპოზიცია რუსეთში

მედვედევზე ფილმის არწაშლის გამო ანტიკორუფციული ფონდის ექს-დირექტორზე ძებნა გამოცხადდა

რუსეთში კორუფციასთან ბრძოლის არასამთავრობო ფონდის ყოფილ ხელმძღვანელზე, რომან რუბანოვზე, სამართალდამცავებმა ძებნა გამოაცხადეს. კორუფციასთან ბრძოლის ფონდი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, დაარსებულია. 

როგორც ფონდი BBC-ის რუსულენოვან სამსახურთან აცხადებს, რუბანოვის წინააღმდეგ საქმე გამოძიებო ფილმის "ის თქვენი დიმონი არ არის" გამო დაიწყო, რომელიც პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევს ეხება. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუბანოვზე ძებნაა გამოცხადებული, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან გავრცელდა, თუმცა უწყება არ აღნიშნავს, კონკრეტულად რა მუხლითაა გამოძიება დაწყებული. კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელმა, ივან ჟდანოვმა, BBC-ის რუსულენოვან სამსახურთან ინტერვიუში თქვა, რომ რუბანოვის მიმართ ძებნის გამოცხადების მიზეზი ის არის, რომ ფონდმა YouTube-დან ზემოხსენებული ფილმი არ წაშალა. 

ფონდს ფილმის წაშლა სასამართლო გადაწყვეტილებით დაეკისრა. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა კი, რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, პირის მიმართ საქმის აღძვრის საფუძველს იძლევა. 

ჟდანოვი ამბობს, რომ რუბანოვის ძიებაში მიცემის შესახებ რუსეთის შსს-მ ჯერ კიდევ გასულ კვირას განაცხადა. 

კითხვაზე, სად იმყოფება ახლა რუბანოვი, ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ, არც ჟდანოვი პასუხობს და არც ნავალნის პრესსამსახური. 

თავად ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ ფონდს არ შეუძლია ფილმის წაშლა გამომდინარე იქიდან, რომ ის პოლიტიკოსის პირად ანგარიშზეა გამოქვეყნებული და არა - ფონდის. 

"ჩვენ ასმილიონჯერ ავხსენით, რომ კორუფციასთან ბრძოლის ფონდს არ შეუძლია ვიდეოს წაშლა ჩემი YouTube არხიდან. ის ჩემი პირადია. იქ რასაც მინდა, იმას ვტვირთავ, რასაც მინდა, იმას ვშლი. "დიმონის" წაშლას, რომელსაც ამ დროისთვის 28 მილიონი ნახვა აქვს, მე არ ვაპირებ,"- წერს ნავალნი ოფიციალურ ვებგვერდზე. 

2017 წლის ოქტომბერში სამართალდამცავებმა რუბანოვი იმის გამო დააკავეს, რომ ის უარს აცხადებდა YouTube-ის არხიდან ამ ფილმის ფრაგმენტების წაშლაზე. ცოტა ხნის შემდეგ ის გაათავისუფლეს იმ დათქმით, რომ ვიდეოს წაშლიდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის მუხლით აღიძვრებოდა საქმე, რომელიც 2 წლამდე პატიმრობით ისჯება. 

სასამართლო რუბანოვისგან ფილმის იმ ფრაგმენტების წაშლას ითხოვდა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ მედვედევთან დაკავშირებულმა ერთერთმა ფონდმა მილიარდერი ალიშერ უსმანოვისგან, შესაძლოა, 5 მილიარდად შეფასებული ქონება მიიღო.

კომენტარები