გაზპრომი

ქობულია: გაზი მონოპოლიურად, მხოლოდ აზერბაიჯანის გავლით არ უნდა შემოდიოდეს

იმედი

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, "ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის ფარგლებში, რუსეთიდან მეტი გაზის მიღება ქვეყანაში კონკურენციას შექმნის და გაზის ფასებს დაწევს". 

მისი თქმით, ვითარება მონოპოლიური, მხოლოდ აზერბაიჯანის გავლით არ უნდა იყოს. 

"ჩვენ ვახორციელებთ ტრანზიტს გაზის სომხეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით. 

პირველი, რასაც ჩვენ ვიღებთ ამის ხარჯზე, არის ის, რომ ჩვენ რუსეთი, გაზპრომი გვიხდის ფულს კონკრეტულად ამ ტრანზიტისთვის. რისი გაუმჯობესებაც გინდა, ის არის, რომ მეტი გადასახადი მივიღოთ ამ ტრანზიტში

მეორე პირობა, ჩვენ ვიცით, რომ გაზის ის მოცულობები, რაც გადის მილში, მათ ნაწილს ვიყენებთ, იმიტომ რომ ჩვენ გაზი შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან და მეორე გზა, რომ გაზი შემოვიდეს, არის რუსეთი. ამიტომ, თუ რამე პრობლემებია აზერბაიჯანიდან გაზის შემოტანაზე, ჩვენ ყოველთვის ვიყენებდით რუსეთის გაზს. 

ჩვენ ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის ფარგლებში, ზოგჯერ ცოტა მეტი გაზი რომ მივიღოთ რუსეთიდან, შეიძლება შევქმნათ დივერსიფიკაცია საქართველოს ბაზარზე, არ იყოს მონოპოლური მდგომარეობა და ერთადერთი მომწოდებელი აზერბაიჯანი, არამედ იყოს აზერბაიჯანი და ცოტა გაზი მივიღოთ რუსეთიდანაც. ამისგან ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი კომპანიები, ბიზნესი მიიღებენ ძალიან დიდ სარგებელს, იმიტომ რომ გაჩნდება მინიმალური კონკურენცია და რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებს ფასებზე", - თქვა გიორგი ქობულიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

მისივე თქმით, "კომერციულად ჩვენ უფრო გვჭირდება ეს, ვიდრე გაზპრომს სჭირდება". 

"გაზპრომს არ აქვს არანაირი დიდი ინტერესი ამაში. მე დიდ რისკს ვერ ვხედავ იმაში, რომ ჩვენ რაღაც განსაზღვრული რაოდენობა შემოვიტანოთ, იმიტომ რომ ეს უნდა მოხდეს ენერგოუსაფრთხოების ფარგლებში". 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა გაზპრომთან კონტრაქტის გაუმჯობესებაზე მუშაობს. 

19 იანვარს გიორგი ქობულიამ რუსთავი 2-ს უთხრა, რომ საქართველოს მთავრობა გაზპრომთან კონტრაქტის გაუმჯობესებაზე მუშაობს. 

"ვიმყოფებით მოლაპარაკების პერიოდში და სანამ მოლაპარაკება მიმდინარეობს, წინა კონტრაქტის პირობები ჯერჯერობით მოქმედებას აგრძელებს. ჩვენ ამ კონტრაქტის საგრძნობ გაუმჯობესებებზე ვლაპარაკობთ და ვფიქრობთ, რომ ორ კვირაში დამთავრდება ჩვენი მოლაპარაკებები და რაც არ იქნება კონფიდენციალური, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველას მოგახსენებთ", - თქვა ქობულიამ. 

გაზპრომთან ჯერაც მიმდინარე კონტრაქტი 2017 წელს გაფორმდა. კონრაქტი და მისი პირობები საიდუმლოა, თუმცა, ცნობილია, რომ ის 2017 წელს მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის შერეული წესით (ნატურით და ფულით) ანაზღაურებას, 2018 წლიდან კი მხოლოდ ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას ითვალისწინებდა (რუსეთიდან სომხეთში ტრანზიტული გაზის 10%-ის ნატურით მიღების ფულადი ანაზღაურებით ჩანაცვლებას).

გაზპრომი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას 2016 წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე გაზპრომის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები