გაზპრომი

გაზპრომი ბუნებრივი აირის წარმოებაში რეკორდული კოლაფსის წინაშეა

 russia-insider.com

გაზპრომი ბუნებრივი აირის წარმოებაში რეკორდული კოლაფსის წინაშეა მას შემდეგ, რაც კომპანიას ევროპის ბაზრიდან გასვლა მოუწია. ომამდე ევროპის ქვეყნების ბაზრებზე კომპანიის მიერ წარმოებული ნედლეულის მესამედი გადიოდა. 

კომპანიის კვარტალური ანგარიშით, მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ბოლოს გაზპრომის მიერ წარმოებული გაზის მოცულობამ 179.45 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოცულობა შემცირდა 25%-ით, ხოლო ომამდელ პერიოდთან შედარებით, თითქმის მესამედით - 2021 წლის იანვარ-ივნისში გაზპრომმა 260.8 მილიარდი კუბური მეტრი მოცულობის გაზი აწარმოა.  

არსებობის სამი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილეს გაზის კომპანიის წარმოებაში ამგვარი სწრაფი ტემპით შემცირება არ მომხდარა - 2009 წელს, მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, გაზპრომმა წარმოება შეამცირა 16%-ით, ხოლო სსრკ-ს დაშლის შემდეგ მხოლოდ 12%-ით (1992 წლიდან 1998 წლამდე).

"გაზის წარმოების შემცირება გამოწვეულია რიგ ქვეყნებში პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებით, რომელიც რუსული გაზის იმპორტის დაბლოკვას ისახავს მიზნად". - ამბობენ კომპანიაში. 

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი იმედოვნებს წარმოებული გაზის აზიის ქვეყნებში ექსპორტს, ასევე თურქეთში ე.წ. გაზის კერის შექმნას, Bloomberg-ის შეფასებით, გაზპრომში წლიურად წარმოებული დაახლოებით 90 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი მყიდველის გარეშე დარჩება. 

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსულ კომპანიებს, მათ შორის, გაზპრომს ევროპის ალტერნატიული ბაზრების მოძიება მოუწია.  

კომენტარები