დეკანოზი გიორგი მამალაძე

დეკანოზი გიორგი მამალაძე საავადმყოფოშია გადაყვანილი

ნეტგაზეთი

დეკანოზი გიორგი მამალაძე საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მსჯავრდებული გიორგი მამალაძე, წინასწარი დიაგნოზით ჰიპერტონული კრიზი, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა, N9 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.

"მიმდინარე წლის 15 თებერვალს, 18:38 საათზე გიორგი მამალაძემ შეუძლოდ იგრძნო თავი. დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ მას 18:41 საათიდან გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ასევე ექიმი ნევროლოგი. 19:18 საათზე დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოცხადდა. 

მსჯავრდებულისთვის გადაღებულმა კარდიოგრამამ არსებითი ცვლილებები არ უჩვენა, რის გამოც გიორგი მამალაძის სტაციონარში გადაყვანა სასწრაფო დახმარების მედპერსონალმა საჭიროდ არ მიიჩნია. 21:35 საათზე დაწესებულების მედპერსონალმა კვლავ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რის შედეგადაც მსჯავრდებული შემდგომი კვლევებისათვის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება-ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის პირველ აგვისტოს კი უზენაესმა მამალძის ადვოკატების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, რითაც სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

კომენტარები