შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ელექტროენერგიის ქვეყნის მასშტაბით ჩაქრობა იყო "უჩვეულო მოვლენა." მისი თქმით, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, ადგილი ხომ არ ჰქონდა ვინმეს ჩარევას, საბოტაჟის ხასიათის ქმედებას.
"მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რომ იყოს გამოკვლეული და გამოძიებული, თუ რასთან გვქონდა საქმე. ფაქტია, რომ ეს იყო უჩვეულო მოვლენა, როდესაც მიყოლებით მოხდა მთლიანად სისტემის გათიშვა. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ეს დეტალი გაირკვეს. მე არ მინდა, რაიმეს წინ გავუსწრო. ვნახოთ, რა იქნება შედეგი ამ გამოძიების, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს ყველა დეტალი, თუკი აქ არის რაიმე ადამიანური ფაქტორი, ვინმეს ჩარევა, რაიმენაირი, ასე ვთქვათ, საბოტაჟის ხასიათის ქმედება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამოვლენილი. ასე რომ, ვნახოთ, რასთან გვექნება საქმე." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.




