სიტყვის თავისუფლება

ზურაბიშვილი ცილისწამებაზე: პრეზიდენტს აქვს უფლება, ჰქონდეს მორალური ინიციატივა, თემა აწიოს

ტაბულა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცილისწამების შესახებ კანონზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, ამ თემაზე აუცილებელია ფართო დისკუსიები. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ცილისწამების შესახებ კანონი არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში სიტყვის თავისუფლებასთან.

"როგორც თქვენ იცით, პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციით არ გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ჰქონდეს მოსაზრება, რომ ჰქონდეს მორალური ინიციატივა, რომელიმე თემა აწიოს და ამ თემაზე მიმართოს კანონმდებელს, მთავრობას, საზოგადოებას. ეს არის ის თემა, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, რომელმაც ძალიან დიდი ვნებათაღელვა წამოიწყო საზოგადოებაში, საჭირო არის ამის დაწყნარება. ამავე დროს, აუცილებელია, რომ დაცული იყოს სიტყის თავისუფლება და ხშირად ეს ორი პრინციპი მოყვანილი არის რაღაც დაპირისპირებაში. მაგრამ არსებობს ქვეყნები, რომლებცა ეს გადაწყვიტეს. ერთერთი ბოლო მაგალითია საფრანგეთი, რომელმაც მიიღო ასეთი კანონი ცილისწამების წინააღმდეგ, კერძოდ, საარჩევნო პერიოდში. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლომაც დაამტკიცა, რომ ეს არ იყო და არ მოდიოდა წინააღმდეგობაში არც სიტყვის თავისუფლებასთან, არც მთავარ ადამიანის უფლებებთან, რომელიც ასახულია დეკლარაციაში.

ამ კუთხით უნდა ვიმუშაოთ, ჩვენ არ გვაქვს მზა ტექსტი, ეს უნდა იყოს ფართო დისკუსიის საგანი და მე მგონი, ჩვენ მზად ვართ, ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის, საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ამ თემაზე ჰქონდეს დისკუსიები და ეს დისკუსიები გამოვიყენოთ მერე საკანონმდებლო ორგანოსთან, როცა ამ საკითხზე იქნება განხილვა" - თქვა ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, რომ ცილისწამების შესახებ კანონზე პრეზიდენტმა საახალწლო მილოცვისას ისაუბრა. მისი თქმით, "ყველა გამოცდას თან ახლავს ცხოვრებისეული გაკვეთილი. იმისათვის, რომ ხვალ ვინც ამ გზას დაადგება, აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც, ისე, როგორც ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. ასევე, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციებისა და დეზინფორმაციისაგან, რათა საზოგადოებამ დაიბრუნოს სიმშვიდე და საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიას".

ამის შემდეგ, ცილისწამებაზე საშობაო ეპისტოლეში ისაუბრა საქართველოს პატრიარქმა. მისი თქმით, "არის დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისაც". ილია მეორის აზრით, სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, "მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა". პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში წერია, რომ "დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას; სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, - გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, - ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს". 

საქართველოს პატრიარქის ამ თემაზე ყურადღების გამახვილებისთვის მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, "სიტყვით ძალადობა", ცილისწამება, სიცრუე და ბილწსიტყვაობა ძალიან სერიოზული პრობლემაა.

კომენტარები