ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

NGO-ებმა ზურაბიშვილს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატურები წარუდგინეს

დღეს საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. შეხვედრა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე გამართა.

სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებზე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, ცესკო-ს თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატურები დაასახელეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის არიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, "სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი მარიამ შელეგია.

სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, ლადო ბოჟაძის თქმით, აღნიშნული კანდიდატურები თავად არასამთარობო სექტორის წარმომადგენლებმა დაასახელეს.

"არჩევნების შემდგომ ცნობილი იყო, რომ ეს კონსულტაციები უნდა დაწყებულიყო და ბუნებრივია სამოქალაქო სექტორს გვეყოლება საკუთარი კანდიდატურები, სავარაუდოდ თამარ ჟვანია ასევე იქნება კანდიდატებს შორის, რომელიც დღეს მოქმედი თავმჯდომარეა", - ამბობს ლადო ბოჟაძე

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანიაც ესწრებოდა, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. როგორც ლაშა ჟვანიამ აღნიშნა, ხვალ, 12:00 საათამდე პრეზიდენტი წერილობით მიიღებს შეთავაზებებსა და ბიოგრაფიებს დასახელებულ კანდიდატებთან დაკავშირებით.

"არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელდა რამდენიმე კანდიდატურა. პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას დღის ბოლოსთვის, რომელი სამი კანდიდატურა წარადგინოს განსახილველად", - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

კომენტარები