დაპირისპირება კახეთში

შსს: 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 დეკემბერს კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირი დააკავეს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლიციელზე თავდასხმისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1986 წელს დაბადებული ვ.მ. გარდაბნის რაიონში დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ ვ.მ. 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარი ინციდენტების დროს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთან – დავით კირკიტაძესთან ერთად თავს დაესხა სამინისტროს ავტობუსში მყოფ პოლიციელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა",- აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

უწყების ინფორმაციით, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება და გრძელდება ინციდენტების ამსახველი ვიდეომასალის შესწავლა. 

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წვერი, დავით კირკიტაძე ამავე მუხლით, 17 დეკემბერს დააკავეს. 

კომენტარები