ხორავას ქუჩის საქმე

"ვკითხავ, სად არიან ჩემი შვილის მკვლელები" - სარალიძე ხორავას საქმის გამომძიებლებს ხვდება

rustavi2

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის, მამა ზაზა სარალიძე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა. 

სარალიძის თქმით, უწყების წარმომადგენლებმა ის თავად დაიბარეს. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ის შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორს, ვლადიმერ ბორცვაძეს, და ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის გამომძიებლებს საქმის დეტალების გასაცნობად უნდა შეხვდეს. 

"უნდა შევხვდე გამომძიებელს, ვისაც აქვს ჩაბარებული გამოძიების ახალი ეტაპი. მაინტერესებს, რა ეტაპზეა გაყალბებული საქმე და აყალბებენ, თუ რას უშვრებიან კიდევ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსსაც შევხვდები და მაინტერესებს პასუხები, რას გეგმავენ საერთოდ. ვაპირებ, ვკითხო, სად არიან ჩემი შვილის მკვლელები. არანაირი იმედი არ მაქვს. რამის იმედი რომ მქონოდა, რაღაც ნაბიჯები გადადგმული უნდა ჰქონდეთ,"- უთხრა სარალიძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე. 

ჟურნალისტების კითხვაზე, კვლავ მოითხოვს თუ არა თენგიზ კალანდიას დაკავებას, სარალიძე პასუხობს, რომ მოითხოვს არამხოლოდ კალანდიას, არამედ ყველა იმ პროკურორის დაკავებას, ვინც საქმის მასალებს აყალბებდა. 

"ჩვენმა უფლებადამცველმა გაუგზავნა წერილი შსს-საც და პროკურორსაც. შსს დათანხმდა შეხვედრას, პროკურატურისგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია არც შეხვედრის დასტურზე და არც უარყოფაზე. მოვითხოვ არამხოლოდ კალანდიას დაჭერას, არამედ ყველა იმ გამყალბებელი პროკურორების და გამომძიებლების პასუხისგებაში მიცემას. დღეს ვიგებ, რომ ერთერთი პროკურორის დაწინაურებაზე მიდის საუბარი, რომელმაც გააყალბა ჩემი შვილის საქმე,"- თქვა სარალიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე შესვლამდე რამდენიმე წუთით ადრე. 

სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში ადვოკატთან, ნესტან ლონდარიძესთან, ერთად მივიდა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან 1 წელი გავიდა. 

კომენტარები