ძალა ერთობაშიას აქცია

გიორგი ვაშაძე: დღეს აქცია არ გვექნება

ტაბულა

"ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, აქცია დღეს არ გაიმართება, ვინაიდან, გეგმების შეცვლა ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ. 

"ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს გეგმების ცვლილება. გუშინ ჩვენ არ ველოდით, რომ კირკიტაძეს დააკავებდნენ. ხვალ იქნება სასამართლო პროცესი, როგორც ვიცით, თუ ესეც ჩუმად არ ჩაატარეს. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, დასავლურ სამყაროს ვაცნობოთ, რომ ძალიან სწრაფი და მყისიერი რეაქცია იყოს მათი მხრიდან. დღეს აქცია არ გვექნება. დღევანდელი დღე გვაქვს იმისთვის, რომ სამართლებრივად ყველაფერი დავალაგოთ, რომ შესაბამისი ინფორმაცია მიიღოს დიპლომატიურმა კორპუსმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით", - თქვა გიორგი ვაშაძემ. 

ძალა ერთობაშიას ლიდერები დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. 

ძალა ერთობაშია აქციებს გეგმავდა. გუშინ გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ "შეუწყვეტელი აქციები" სწორედ დღეიდან, 18 დეკემბრიდან დაიწყებოდა. 

16 დეკემბერს ფეისბუქ-მიმართვაში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, შეიკრიბონ რუსთაველის გამზირზე და საპროტესტო აქცია გამართონ, ვინაიდან მმართველმა გუნდმა არჩევნები მოიპარა, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება უნდა დათმოს. მან რეგიონების მცხოვრებლებსაც მოუწოდა, ჩამოვიდნენ. 

ამ დღეს მცირე აქცია მართლაც შედგა, თუმცა, აქციის მონაწილეები მალევე დაიშალნენ მათი ლიდერების გადაწყვეტილებით. 

აქციამდე, იმავე დღეს, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გურჯაანში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები თელავში დაგეგმილ აქციაზე მისვლას გეგმავდნენ, თუმცა გზა ჩაკეტილი დახვდათ, დაპირისპირება სწორედ ამან გამოიწვია.

კომენტარები