დავით კირკიტაძე

დავით კირკიტაძე დააკავეს

რუსთავი 2

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, დავით კირკიტაძე დააკავეს.

"საქართველოში მყარდება დიქტატურა, რუსული დიქტატურა. ვიბრძოლებთ ბოლომდე. აი, ეს არის სახედაკარგული პოლიცია, შეშინებული", - თქვა კირკიტაძემ დაკავების დროს რუსთავი 2-თან, რომელმაც კადრები პირდაპირ ეთერში გაავრცელა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ენმ-ის წარმომადგენელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველ ნაწილს ედავებიან, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 4-დან7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დავით კირკიტაძე კახეთში დააკავეს. ნიკა მელიას ინფორმაციით, ენმ-ის ლიდერები იქ დაშავებული აქტივისტის მოსანახულებლად იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კახეთში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, "ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. 

გუშინ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ კახეთში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში დამნაშავე ყველა ადამიანი დაისჯება, მიუხედავად მათი პოლიტიკური სტატუსისა. მისივე თქმით, მოქმედებები დღეიდან დაიწყება. 

ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანება "ძალა ერთობაშია" თელავში აქციის გამართვასაც გეგმავდა. ნებართვისთვის მათ ქალაქის მერიასაც მიმართეს. თუმცა: გუშინ თელავისკენ მიმავალ ადამიანებს გზა, რომელიც გომბორის ქედზე გადის, სამართალდამცველების მიერ ჩაკეტილი - ავტობუსებით ჩახერგილი დახვდათ. მათ უთხრეს, რომ მეორე, გურჯაანი-ყვარლის გზით ესარგებლათ. "ძალა ერთობაშიას" წევრები და მხარდამჭერები ასეც მოიქცნენ, თუმცა, გურჯაანთან მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ეს გზაც ჩაკეტილია. ამას ოპოზიციის მხარდამჭერებს და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

საპატრულო პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ გურჯაანში მანქანებით შეფერხებულ ადამიანებს გზის ფეხით გაგრძელება შესთავაზა გურჯაანში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. შსს-ის ცნობით, დაშავდა 7 პოლიციელი. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს - უწყებას მათ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ენმ-ის ცნობით, ოპოზიციის რიგებიდან, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები