სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია

ძალა ერთობაშიას მხარდამჭერებმა გმირთა მემორიალთან აქცია გამართეს

რადიო თავისუფლება

გმირთა მოედანზე, მემორიალთან "ძალა ერთობაშიას" წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. 

მათ გააპროტესტეს, რომ იმავე ადგილზე რამდენიმე საათით ადრე არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა. 

აქციის მონაწილეების თქმით, სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე მემორიალთან მალულად მივიდა, რაც მიუღებელია. 

"ის, რომ სალომე ზურაბიშვილი აქ დღეს ასე ჩუმად მოვიდა, გამოიწვია ერთმა რამემ - რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეპროტესტებინა. აი ასეთი მშიშარა პრეზიდენტი გვეყოლება დღეიდან, ვინც მას აღიარებს და ვინც არ ვაღიარებთ, მას არასდროს ჩავთვლით პრეზიდენტად", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

როგორც ენმ-ის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, "ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერები სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო აქციას ხვალ, 16 დეკემბერს, ინაუგურაციის დღეს, როგორც თელავში, ასევე თბილისში გეგმავენ. 

სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე წმიდა ილია მართლის საფლავი მოილოცა და მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალულებს პატივი მიაგო.

ზურაბიშვილმა პატივი ასევე მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ფოტო და ვიდეომასალა მედიას პრესსამსახურმა მიაწოდა - არჩეული პრეზიდენტი პანთეონსა და გმირთა მოედანზე მოულოდნელად, ჟურნალისტების გარეშე მივიდა. 

16 დეკემბერს საქართველოს პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგება. მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი ფიცს დადებს, ძალაში ახალი კონსტიტუცია შევა, რომლის მიხედვითაც, ამის შემდეგ პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. კიდევ უფრო იზღუდება პრეზიდენტის უფლებამოსილებებიც. 

კომენტარები