ჰომოფობია

თანასწორობის მოძრაობა: სამ ადამიანს ჰომოფობიური მოტივით თავს დაესხნენ

თანასწორობის მოძრაობის ინფორმაციით, გუშინ, 14 დეკემბერს, სამ ადამიანს ჰომოფობიური მოტივით თავს დაესხნენ. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი მათგანი მათი თანამშრომელია. შემთხვევა რესტორან "ხინკლის სახლში" მოხდა.

თანასწორობის მოძრაობაში განმარტავენ, რომ რესტორანში ორი შესულ ორ გოგოს გვერდითა მაგიდიდან ეპატიჟებოდნენ და ისინი მათთვის მიუღებელ ტერმინოლოგიას იყენებდნენ, რის გამოც მსგავსი კომენტარების შეწყვეტა სთხოვეს.

"როგორც ჩვენი თანამშრომელი იხსენებს, თავის მეგობართან ერთად იმყოფებოდა რესტორანში, სადაც გვერდითა მაგიდასთან მსხდომი ორი კაცი ეპატიჟებოდა, მათ მაგიდასთან დამსხდარიყვნენ ["გოგოებო, ჩვენთან დასხედით"]. გვერდითა მაგიდიდან სექსუალური შევიწროება იმდენად შემაწუხებელი იყო, რომ ჩვენი თანამშრომელი მივიდა მათთან და სთხოვა მსგავსი კომენტარები შეეწყვიტათ, პასუხად ირონიული და ცინიკური დამოკიდებულება მიიღო. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აღნიშნულ რესტორანში ჩვენი თანამშრომელი სხვა ნაცნობს შეხვდა და მოიკითხეს ერთმანეთი. ამას მოჰყვა მათი მხრიდან ჰომოფობიური სიტყვიერი შეურაცხყოფა. ვიდეოში, რომელიც ამის შემდეგ არის ჩაწერილი აღბეჭდილია, როგორ მოუღერა დანა ერთერთმა თავდამსხმელმა დაზარალებულებს", - ამბობენ თანასწორობის მოძრაობაში.

ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ ხინკლის სახლის თანამშრომლები ტერიტორიიდან დაზარალებულების გაყვანას ცდილობდნენ.

ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, სადაც გვითხრეს, რომ ინციდენტის დროს სექსუალური ორიენტაციის გამო შეუწყნარებლობა არ ყოფილა.

"ჩატარებული გამოძიებით რაიმე ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, არ იკვეთება. მომხდარი ინციდენტის დროს ცემას ან სხვა ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია", - უთხრეს ტაბულას უწყების პრესსამსახურში.

შსს-ში ასევე ამბობენ, რომ პოლიცია "ხინკლის სახლში" ურთიერთშელაპარაკების გამო მივიდა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, სავარაუდო მუქარის ფაქტზე დაიწყეს.

 

კომენტარები