საია

საია-მ, ზურაბ ჯაფარიძის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იჩივლა

გირჩი/Girchi

საქართველოს იურისტთა ასოციაციამ გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის, სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა. 

საია სტრასბურგში წარდგენილ საჩივარში ევროპული კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებს. 

ინფორმაციას ამის შესახებ საია საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს. 

საქმე ეხება 2 მაისს "გირჩის" ოფისთან მომხდარ ინციდენტს, როდესაც ჯაფარიძე პარტიის სხვა წევრებთან ერთად პირის სავარაუდო ნარკოტიკის მოხმარების გამო დაკავების პროცესს შეესწრო. ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მოქალაქეს პოლიცია ძალადობრივი გზით აკავებდა, რამაც მისი და თანაპარტიელების პროტესტი გამოიწვია. 

ადგილობრივმა სასამართლოებმა ზურაბ ჯაფარიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე სამართალდამრღვევად სცნეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ჯაფარიძე, რომელსაც იმ პერიოდში უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს, სასამართლოებმა 2 000 ლარის ოდენობით დააჯარიმეს. 

"ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივნის საქმე საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე განიხილეს. სასამართლო დადგენილება მომჩივნის ინდივიდუალურ პასუხიმსგებლობასა და როლთან მიმართებით არ შეიცავდა მითითებას, კონკრეტულად რა ქმედებაში გამოიხატა ჯაფარიძის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა. 

სასამართლოებმა, ასევე, არ იმსჯელეს, რა ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით შეფასდა მომჩივნის ქმედეაბ შეურაცხყოფად და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. 

სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულობის პრეზუმფციის საწინააღმდეგოდ მტკიცების ტვირთი მომჩინავს დააკისრა, განმარტა რა, რომ მას უნდა ემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა. გარდა ამისა, სასამართლოებმა შეფასების გარეშე დატოვეს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის გამონათქვამები რამდენად იყო დაცული გამოხატვის თავისუფლებით,"- წერია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ჯაფარიძის ეს საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მთელი რიგი სისტემური პრობლემებია. 

"აღნიშნული კოდექსი ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს და სავარაუდო სამართალდამრღვევი პირისთვის არ შეიცავს საკმარის პროცედურულ გარანტიებს. ამასთან, აღნიშნულ საქმეზე მიღებულმა პრეცედენტმა შეიძლება, “მსუსხავი ეფექტი“ იქონიოს გამოხატვის უფლებით მოსარგებლე სხვა პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ,"- წერს საია. 

კომენტარები