სამინისტრო კერზაიაზე: მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან

პირველი არხი

"განათლების სამინისტრო გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, აქტიურად ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან. არც ერთი კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხის გარეშე,“ - განათლების მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე ზუგდიდის მე-6 სკოლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. 

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ განათლების სამინისტრო გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მიაწოდოს სრული დოკუმენტაცია და აქტიურად ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან, სახალხო დამცველთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან იმისათვის, რომ მოხდეს აღნიშნული საქმის საფუძვლიანი შესწავლა. არცერთი კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხის გარეშე. ბოლო დღეების განმავლობაში სამინისტრო მაქსიმალურად იკავებდა თავს განცხადებებისგან, თუმცა, მიზანმიმართული, არასწორი ინფორმაციის გავრცელებით განვითარებულმა მოვლენებმა მიიღო ისეთი სახე, რაც აზიანებს სასწავლო პროცესს, პედაგოგების, მოსწავლეების ინტერესებს, მთლიანად განათლების სისტემას და ხელს უშლის მის სრულფასოვან ფუნქციონირებას.“ - თქვა ნათია ზედგინიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის მოადგილის თქმითვე, მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის სამეურვეო საბჭო დაეთანხმა სამინისტროს მიერ შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებსა და გადაცდომებს, დირექტორი არ გაუთავისუფლებიათ. რაც შეეხება შემოწმების პროცესს, მუდმივად მიმდინარეობს და წინასაარჩევნოდ ვერ შეჩერდებოდა. 

"რა თქმა უნდა, პროცესი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად მიმდინარეობს, საარჩევნო პერიოდში არ და ვერ შეჩერდებოდა." - ამბობს მინისტრის მოადგილე.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, ორი დღის წინ გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით 2 დეკემბერს გადაიყვანეს. 

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და „სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა“ გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობდა, რომ სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

კომენტარები