ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა. ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს, არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა 59.6%-მა მისცა ხმა. დათვლილია ხმების 98.92% (3705 საარჩევნო უბნიდან 3665 უბნის მონაცემი).
რაც შეეხება მის ოპონენტს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს მხარი ამომრჩევლის 40.4%-მა დაუჭირა.
2018 წლის 28 ნოემბერს საქართველოში პირველად ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. ამასთან, ახალი კონსტიტუციით, ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩია.
28 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლის 56.23%-მა მიიღო. ეს თითქმის 10%-ით მეტია პირველი ტურის აქტივობაზე. მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი 337 889-ით მეტმა მოქალაქემ გააკეთა.





