უკრაინის უმაღლესი რადა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებაზე მსჯელობს. სხდომა რამდენიმე საათია გრძელდება.
პარალელურად კი რადას შენობასთან მომიტინგეები შეიკრიბნენ. ისინი ითხოვენ, პარლამენტმა, სამხედრო მდგომარეობის შემოღების გარდა, რუსეთთან ნებისმიერი ტიპის ურთიერთობის შეწყვეტის საკითხიც განიხილონ.
რადას შენობასთან შეკრებილი ადამიანების რიცხვი დაახლოებით 300-ია. ისინი ორგანიზაციებს "თავისუფლება" და "უკრაინული ნაციონალისტური კონგრესი" წარმოადგენენ.
პარლამენტში უკრაინელი დეპუტატები პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინადადებას განიხილავენ - პოროშენკომ ითხოვა, საომარი მდგომარეობა 25 იანვრამდე გამოცხადდეს.
ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით, დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო.