"რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო აქტიურად ირთვება ნაციონალური მოძრაობა და მისი პროპაგანდისტული მანქანა" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ "ოპონენტები უფრო და უფრო იაფფასიანი კომპრომატებით ცდილობენ რეალობის სრულმასშტაბიან მოდელირებას". მდინარაძის თქმით, "ოპონენტების ქმედებებს" არჩევნების შედეგზე არანაირი გავლენა არ ექნება.
"ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევაზე, რაზეც ისინი აპელირებენ, აუცილებლად მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას, ვაცნობებთ საზოგადოებას, მათ შორის და საერთაშორისო დამკვირვებლებს.
დღეს, საზოგადოებისთვის მორიგი სისულელის, ვითომდა ფარული ჩანაწერის შესაღებას შეეცადნენ. ბუნებაში არ არსებული ამ ტიპის ე.წ. კომპრომატების შექმნა ნებისმიერი ორი პირის საუბრის ჩაწერითაც კი შეუძლია რუსთავის 2-ს და ნაციონალურ მოძრაობას. რუსთავი 2-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ვითომდა ფარულ ჩანაწერში საუბარია, თითქოს ქართული ოცნების რეგისტრირებული ამომრჩევლისა და რეალურად მიღებულ ხმებს შორის 40-პროცენტიანი სხვაობა არსებობს და ამის აღმოსაფხვრელად კი, თითქოს ჩვენი გუნდი საარჩევნოდ გარკვეულ მანიპულაციებს გეგმავს. რა თქმა უნდა, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული აბსურდი და მტკნარი სიცრუეა" - ამბობს მდინარაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მტკიცებით, ენმ-ის სქემის ნაწილია, "გურჯაანსა და რუსთავში, ვითომდა ოპოზიციის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაციები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილთან დაკავშირებული ინციდენტები". მამუკა მდინარაძის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა ყველაფერზე მიდის, რათა როგორმე დააგროვოს ე.წ. კომპრომატები, თითქოსდა მათ წინააღმდეგ ხდება პოლიტიკურ ანგარიშსწორება".
"რეალურად, შეუძლებელია, რომ ხელისუფლების ინტერესებში შედიოდეს ოპონენტების მიმართ პროვოკაციების მოწყობა, რადგანაც არეულობა, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი არჩევნებში დამარცხებისთვის განწირული სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის გეგმის ნაწილია და არეულობა ხელისუფლების ინტერესში ვერაფრით ვერ იქნება" - ამბობს მდინარაძე და აღნიშნავს, რომ "საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტებით, თავისუფალ, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში წარიმართება".
"ნაციონალურ მოძრაობაზე ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ. ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერ ქმედებას კი, რომელიც არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობისკენ იქნება მიმართული, კანონის ფარგლებში უმკაცრესი პასუხი გაეცემა" - განაცხადა მდინარაძემ.





