არჩევნები 2018

ევროპული საქართველო: ხელისუფლება გეგმავს ენმ-ის წევრზე თავდასხმა დაგვაბრალოს

ევროპული საქართველოს განცხადებით, ხელისუფლება გეგმავს სოფელ ვეჯინში ენმ-ის წევრის სახლში მოლოტოვის კოქტეილის შეგდება მათ დააბრალოს. პარტია განცხადებას ავრცელებს:

"ჩვენი ინფორმაციით ხელისუფლება გეგმავს სოფელ ვეჯინში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის სახლში მოლოტოვის კოქტეილის შეგდება ოპოზიციიას და კერძოდ, ევროპულ საქართველოს დააბრალოს.

ეს მორიგი გაგრძელებაა იმ სამარცხვინო კამპანიის, რასაც ხელისუფლება მთლიანად ოპოზიციის და ევროპული საქართველოს წინააღმდეგ ეწევა. ხელისუფლება მომხდარ დანაშაულებებში მოძალადეებისთვის ხელის დაფარების და პოლიტიკურად მათი მხარდაჭერის გადაფარვას მორიგი პროპაგანდით ცდილობს. ამის ნაწილია ოპოზიციის წინააღმდეგ ჩადენილი კრიმინალის ისევ ოპოზიციისთვის დაბრალება.

ამაზე საზოგადოების პასუხი არჩევნებზე მისვლა და ჯერ საპრეზიდენტო და შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების მშვიდობიანად დამარცხება უნდა იყოს", - ნათქვამია განცხადებაში. 

22 ნოემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორის, ელმირა ბეციაშვილის სახლის ეზოში სამი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს. ბეციაშვილის თქმით, სამი ბოთლი ეზოში უცნობმა პირებმა დაყარეს, რის შედეგადაც, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ის მომხდარს პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.

"სწორედ ამ უბანში წააგო ქართული ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა. ამით მე ვერ შემაშინებენ. ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან დაშინების მცდელობა" - ამბობს ინტერპრესნიუსის ცნობით, ბეციაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები