ვალების განულება

ბახტაძე: ვალების განულებაზე ოპონენეტების განცხადებები საფუძველს მოკლებულია

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, ვალების განულების ინიციატივაზე ოპონენტების განცხადებები საფუძველსმოკლებულია და ამ ინიციატივის განხორციელება ჯერ კიდევ გაზაფხულზე იყო დაანონსებული. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთავრობის ინიციატივაში, რომლის მიხედვითაც შავ სიაში მყოფ 600 000 ადამიანს ვალები გაუნულდება, წინასაარჩევნო მოსყიდვის ნიშნებს ხედავენ

"მინდა ვისაუბრო სესხების განულების ინიციატივაზე. ჯერ კიდევ შარშან, როცა მე დავინიშნე ფინანსთა მინისტრად, გაზაფხულზე, ზაფხულში, ვაცხადებდი, რომ შემოდგომაზე ჭარბვალიანობის ერთერთ ყველაზე მსხვილი და პრობლემური კომპონენტის, ე.წ. შავი სიის პრობლემის გადაწყვეტა მოხდებოდა სწორედ შემოდგომაზე, ჩვენ ეს გავაკეთეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც მოყვება ძალიან ბევრი დადებითი შედეგი ჩვენი მოსახლეობისთვის და ჩვენი ეკონომიკისთვის. საუბარი ოპონენტების მხრიდან, რომლებიც ხშირად არასწორ ინფორმაციას აწვდიან მოქალაქეებს, არის სრულიად საფუძველს მოკლებული. ამას ყველა შემთხვევაში გავაკეთებდით, ისევე როგორც ყველა შემთხვევაში განვახორციელებთ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც აიღო მთავრობამ დამტკიცების დროს." - ამბობს ბახტაძე.

მთავრობის ინიციატივით, ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ვალების განულება შავ სიაში მყოფ ყველა ადამიანს არ შეეხება. შავ სიაში მყოფი დაახლოებით 700 000 ადამიანიდან 600 000 შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით, ვისაც ერთ წელზე მეტად ხანდაზმული ვალი აქვს, 2000 ლარამდე. მინისტრის თქმითვე, დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის ფონდი ქართუ ფარავს.

კომენტარები