არჩევნები 2018

სესხი იმათ გაუნულდება, ვისი დავალიანების დარჩენილი ძირი თანხაც 2 000 ლარამდეა

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის შეფასებით, ე.წ შავ სიაში მყოფი 600 000-ზე მეტი მოქალაქისთვის ვალების განულება "სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო აქტია". მისი თქმით, ხელისუფლება "ამ პრინციპული გადაწყვეტილების მისაღებად" თვეების განმავლობაში მუშაობდა. მან მადლობა გადაუხადა ფონდ "ქართუს" და აღნიშნა, რომ ბანკებისგან და საფინანსო ორგანიზაციებისგან მოქალაქეთა დავალიანებას სწორედ "ქართუ" გამოისყიდის. მდინარაძის თქმით, ფონდი 15-დან 31 დეკემბრამდე პერიოდში 600 ათასზე მეტი ადამიანის დავალიანებას გაანულებს.

"ხაზს ვუსვამ, ამ დავალიანების ჩამოწერას უზრუნველყოფს ფონდი ქართუ და ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ იხარჯება.

სასიხარულოა, რომ 600 ათასზე მეტი ქართული ოჯახი, რომელსაც უსამართლო ვალები დაუგროვდა, ახალ წელს დავალიანების გარეშე შეხვდება და ეკონომიკური თვალსაზრისით ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან დაიწყებს.

საუბარი შეეხება ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან მოვალეთა რეესტრში და მათი დავალიანების დარჩენილი ძირი თანხა არ აღემატება 2 ათას ლარს. ასეთი კი, შავ სიაში მყოფ ადამიანთა 95%-ია და მათი დავალიანების ჯამური თანხა მილიარდნახევარ ლარს უტოლდება" - აღნიშნა მდინარაძემ.

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. მისი თქმით, "ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებებისას", როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა "სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა".

ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვივუსმა ვალების განულების პროგრამაში მონაწილეობაზე უარი თქვა და შესაბამისად მის "შავ სიაში" მყოფ კლიენტებს დავალიანება არ გაუნულდებათ.

აღსანიშნავია, რომ გუშინ "ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები ჩამოაწერონ და ეს თანხა მთავრობამ გადაიხადოს. ვაშაძის განცხადების შემდეგ ბრიფინგი გამართა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და თქვა, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, 19 ნოემბერს პრემიერი ინიციატივას წარადგენდა და მთავრობის "მასშტაბურმა და პრინციპულმა გადაწყვეტილებამ" ნაციონალური მოძრაობა შოკში ჩააგდო. ქართული ოცნების წევრების მტკიცებით, ენმ-მ წინასწარ გაარკვია, რომ მთავრობას "ასეთი რაღაც აქვს დაანონსებული" და პარალელურ რეჟიმში "იაფფასიანი სპექტაკლი დადგეს". 

კომენტარები